თუ პარტნიორები დაგვიმტკიცებენ, რომ რეჟიმის ცვლილების, ევროპაში ინტეგრაციის, უსაფრთხოების ამოცანას მოემსახურება თვითმმართველობის არჩევნები, მზად ვარ მონაწილეობა მივიღოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მეორე მხრივ, როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, ჯერჯერობით რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მაშინ ექნებოდა აზრი, საქართველოში არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში რომ ტარდებოდეს, რაც ასე არ არის.
მისი განმარტებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალი არის რეჟიმის ცვლილების საკითხში ოპოზიციის ერთობაში.
„ჩვენი შეთავაზება ასეთია – ერთიანობა დავიწყოთ რეჟიმის ცვლილების ამოცანაზე და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. დავსხდეთ, გადავდოთ პარტიული ნომრები, პარტიის სახელები გვერდზე. თუ პარტნიორები დაგვიმტკიცებენ, რომ რეჟიმის ცვლილების, ევროპაში ინტეგრაციის, უსაფრთხოების ამოცანას მოემსახურება თვითმმართველობის არჩევნები, მზად ვარ მონაწილეობა მივიღოთ. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი ძალიან მყარი არგუმენტი გვაქვს – იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მინიმალური გარანტია უნდა არსებობდეს, რომ არჩევნები ტარდება და ჩვენ ასეთ რამეს ვერ ვხედავთ“, -განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პაატა მანჯგალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ვაშაძის მიმართ პატიმრობის განაჩენი დადგეს.
„რეჟიმმა ამოარჩია კონკრეტულად ადამიანები, ვისაც თვლის, რომ პირველი რიგის ამოცანა არის მათი მოშორება და იზოლაცია. შერჩეულია: გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე. პირველ რიგში, ეს ადამიანები ამოიღო მიზანში, ამაზე არ გაჩერდება. არავინ იფიქროს, რომ ყველასთან არ მივა – ვისთანაც დასჭირდება, ყველასთან მივა. ხელმეორედ დაიბარეს ადამიანები, რაც ნიშნავს, რომ მეორედ არმისვლის გამო, ადამიანებს აუცილებლად დააკავებენ. რეჟიმს რომ ეშინია ლიდერების და აკავებს, ეს არის მისი სისუსტე.
როცა ხელისუფლება მედიის ჩახშობას ცდილობს, არასამთავრობო ორგანიზაციებს „აგენტებად“ აცხადებს და საარჩევნოდ უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლაზე უარს ამბობს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ავტოკრატიაა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
