ზოგს ჰგონია, რომ ძალიან ჭკვიანია და თუ უნდა, გახარიას გუნდმა თავის თავზე მიიღოს: ფიქრობენ, სხვა ოპოზიცია შეიწყვეტს მანდატებს, პოლიტიკური სცენიდან გავლენ და ბურთი და მოედანი დაგვრჩებაო – არა, მეგობრებო, ყველა ერთ ნავში ვართ – ეს ხალხი რეალობასაა აცდენილი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „კარგად არ გამოიყურება“, როდესაც ერთი მხრივ ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მეორე მხრივ კი „პარლამენტში თბილად ზიხარ“.
„დასაფასებელია იმ ხალხის გადაწყვეტილება, ვინც განცხადებები დაწერა. გამომიცდია, ეს რამხელა წნეხია. ხალხი 100 და 200 ლარად ყიდის არჩევანს, ამ ხალხმა კი, ვისაც შეეძლო 4 წელი, გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ნახევარ მილიონზე მეტი აეღო, საქართველოს ინტერესებისთვის უარი თქვა. ეს არაფერს ნიშნავს და არ შევიმჩნიოთ, ასე არაა. მართლა დასაფასებელია, ამ ხალხის ქმედება, ვინც განცხადება დაწერა.
თავის თავთან მოდიხარ წინააღმდეგობაში – ამბობ, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური; ამბობ, რომ საერთაშორისო სანქციები უნდა გაიზარდოს, ქვეყნის შიგნით კი ზეწოლა და ამ დროს, თბილად ზიხარ პარლამენტში. ეს კარგად არ გამოიყურება. ზოგს ჰგონია, რომ ძალიან ჭკვიანია (თუ უნდა, გახარიას გუნდმა თავის თავზე მიიღოს) – ფიქრობენ, სხვა ოპოზიცია შეიწყვეტს მანდატებს, პოლიტიკური სცენიდან გავლენ და ბურთი და მოედანი დაგვრჩება. არა, მეგობრებო. ყველა ერთ ნავში ვართ. მთელი პოლიტიკა გაუქმდა. იმაზე არაა ლაპარაკი, რომ რომელიმე გუნდი გადარჩება. გიორგი ვაშაძემაც მოჰყვა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ერთიანად უნდა ესაუბრათ ხალხთან და იქაც კი არ დაჯდა ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი. მგონი, ეს ხალხი რეალობასაა აცდენილი [გახარიას პარტია]. ჰგონიათ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან, კარგად იქცევიან, ამ კრიზს რაღაცნაირად გადააგორებენ, ჩაირეცხება დანარჩენი ოპოზიცია და თვითონ გამარჯვებული გამოვლენ. ასეთი რამ არ ხდება. ყველა, ვინც პრინციპულია და ღირებულებებით იღებს გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილის მტერია. ვინც საკუთარი აზრის ქონაშია შემჩნეული, ყველა არის მტერი რეჟიმისთვის. ამიტომ, თუ ბიძინასთან თანამშრომლობას აპირებთ, რას თამაშობთ, პირდაპირ თქვით, ეს გადაწყვეტილება მივიღეთო. თუ ხალხის მხარეს არიან და 6 თვე პარლამენტში არ მივლენ, გაცდენების გამო ისედაც შეუწყვეტს „ქართული ოცნება“ [მანდატებს] და მაინც მოგვიწევს ყველას ერთად დაჯდომა. ახლა რომელიმე პარტიას კი არ ებრძვიან, არამედ ებრძვიან ყველას, ვინც შემჩნეულია საკუთარი აზრის, ღირებულებების და პრინციპების ქონაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძის თქმით, „პარკეტის პოლიტიკოსების“ დრო დამთავრდება.
„ქართული ოცნებისთვის“ ეს მგლის თავზე სახარების კითხვაა – რეჟიმზე, რომელიც რუსეთისკენ მიდის იზოლაციით, სანქციების საფრთხე დიდად არ იმუშავებს. ამას ქვეყნის შიგნით ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის შექმნა სჭირდება. შემდეგ გადმოვა კომპრომისებზე. სხვა შემთხვევაში, ჯერ იყო და ხალხს ატყუებდნენ, ტრამპი მოვა და კარგად იქნება ყველაფერიო, ახლა ატყუებენ 6 მლრდ შემოვა არაბეთიდანო. მეგობრებო, ეს ყველაფერი ტყუილი და ივანიშვილის მხრიდან დროის მოგების ტაქტიკაა. გეოპოლიტიკა იცვლება. განსაკუთრებით ჩინეთის და რუსეთის მეგობრებისთვის კარგი დღე არ დადგა ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ. ამიტომ, დროზე უნდა გადავწყვიტოთ, სად ვართ – ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი ვართ, თუ ხელზე ჩამოსათვლელი დიქტატორების. ასე აშკარად სინათლეს და სიბნელეს შორის არჩევანი არასდროს ყოფილა. ყველას მოუწევს არჩევანის გაკეთება და ვინც არჩევანს არ გააკეთებს და ვითომ ნეიტრალური დარჩება, ის სინამდვილეში რეჟიმს ეხმარება. იბერია გაბრწყინდება, ოღონდ არა ყანწით და სადღეგრძელოებით, არამედ რეალური ბრძოლით სამშობლოსთვის და ხალხისთვის. ეს რეალურად გამოკრისტალებაც იქნება პოლიტიკურ სპექტრში. „პარკეტის პოლიტიკოსების“ დრო დამთავრდება და მართლა სამშობლოზე და საკუთარ ხალხზე შეყვარებული პროფესიონალი პოლიტიკოსების დრო მოვა. ამას დრო გამოაჩენს“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ რეგულაციებზე და განაცხადა, რომ პროცესი „ავტოკრატიიდან დიქტატურისკენ მიდის“.
„სიძლიერე, სინამდვილეში არის ის, როცა ისე მართავ ხალხს, რომ ხალხი ვერ გრძნობს ტვირთს და არ გჭირდება დამატებითი რეგულაციების შემოღება შენი ძალაუფლების გავრცელებისთვის. ვხედავთ პირიქით პროცესს – ავტოკრატიიდან დიქტატურისკენ მივდივართ ძალიან აჩქარებული ნაბიჯებით. მედიასთან დაკავშირებით რეგულაციები, ვითომ ევროპული სტანდარტი უნდათ; არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ამერიკული „ფარას“ შემოღება უნდათ; პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ დევნა, მუქარა და გასამართლების დაპირება მიდის – ეს, რაც საქართველოში ხდება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ უნიკალურია და ბიძინამ მოიფიქრა, ყველა ავტოკრატია ასე იქცევა მთელ მსოფლიოში. ვენესუელაში ზუსტად იგივე გზა გაიარეს: მედიას მიადგნენ, შემდეგ არასამთავრობოებს, პოლიტიკოსებს და ბოლოს ხალხს. 600 მილიარდი მოჰპარა რეჟიმმა ხალხს. ესენი კლეპტოკრატიები არიან – ადამიანები, რომლებიც ფულის, ქონების გამო ყველაფერს აწერს ხელს. შეიძლება „ქართულ ოცნებაში“ იდეოლოგიურად პუტინისტებიც არიან, მაგრამ უმეტესობა, პარლამენტის ე.წ. წევრები, პოლიციის მაღალჩინოსნები კლეპტოკრატიები, საშოვარს დახამებული ადამიანები არიან, რადგან სხვა ღირებულება არ აქვთ, როდესაც ცხოველური მოთხოვნილებებით აკეთებ არჩევანს და ღირებულება არ გაქვს, უკვე შეუძლიათ შენი მართვა. არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ფინანსებისთვის იქცევა ასე. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ვალდებულებები აქვს რუსეთთან და პირდაპირ დავალებებს იღებენ. სხვანაირად ვერ ახსნი ამას“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, მანჯგალაძემ მიმდინარე პროტესტზე საუბრისას აქციების მონაწილეების, მათ შორის პოლიტიკოსების მიმართ დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას 5-ათას ლარიანი გირაო დაეკისრება, რის სანაცვლოდაც აპირებს, მოსამართლეს ალტერნატივად პატიმრობის შეფარდება სთხოვოს.
„17 ნოემბრის საქმეზე მაქვს [სასამართლო პროცესი], ასევე, 5 იანვრის საქმეზე – რაც საშიშია, 5 ათას ლარიანი ჯარიმაა. ვაპირებ, მოსამართლეს ვუთხრა და ჩემ ირგვლივაც ბევრს არ აქვს იმხელა შემოსავალი, რომ 5 ათასი ლარი გადაიხადოს. ალტერნატივა არსებობს პატიმრობა. მირჩევნია [ადმინისტრაციული] პატიმრობა შემიფარდონ, ვიდრე 5 ათასი ლარი გადავიხადო. თუმცა ამის გამო წინააღმდეგობა არ უნდა შევწყვიტოთ. დიდი წნეხია ადამიანებზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
