გირაო არ გათავისუფლებს რეჟიმის მიერ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნისგან – ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას, 50 000 ლარიანი გირაოს გადახდის შესახებ.
მისივე თქმით, რეჟიმის ამოცანაა დროულად მოახდინოს კონკრეტული ლიდერების იზოლაცია, პროცესისგან გათიშვა.
„იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც ეჩქარება რეჟიმის მიერ გიორგი ვაშაძის დაპატიმრება: პირველი – გირაო არის წინასწარი აღკვეთის ღონისძიება, იმისთვის რომ გაქცევას და დამალვას არ აპირებ.
მეორე – ეს არ გათავისუფლებს რეჟიმის მიერ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნისგან. პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი არ მოგიწევთ ლოდინი.
მესამე – რეჟიმის ამოცანაა დროულად მოახდინოს კონკრეტული ლიდერების იზოლაცია, გათიშვა პროცესისგან. უბრალოდ დაფიქრდით, თქვენც იგივე მიზნები და ამოცანები როგორ შეიძლება გქონდეთ.
მეოთხე – პრინციპულობა ასევე ნიშნავს აკეთო ის, რაც სწორი გგონია, და არა გადაიხარ-გადმოიხარო ლერწამივით იმის მიხედვით, ვინ რას იტყვის.
და მეხუთე – ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა. სასამართლომ ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.
გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
