პაატა მანჯგალაძე – გირაოსთან დაკავშირებით პარტიაში არ არის ცალსახა პოზიცია – ვფიქრობ, ლიდერები გვჭირდება თავისუფლებაში, წინა ხაზზე და არა ტყვეობაში, ახალ ლიდერებს არ დავამატებდი ტყვეობაში, ვინც არიან იმათაც გამოვიხსნიდი

უჭირს ხელისუფლებას და უჭირს პროტესტსაც – ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, კულმინაციისკენ მივდივართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის ყველა ნაბიჯს, ყველა განცხადებას და ურთიერთკოორდინაციას.
„რეჟიმს ეშინია, სუსტია. ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია. უჭირს ხელისუფლებას და უჭირს პროტესტსაც. ახლა ჩვენ ვართ გაძლებაზე, ვინ გაძლებს საბოლოოდ. ვისაც ექნება სწორი სტრატეგია, ვინც მოახდენს ძალების კონსოლიდირებას, ის გამოვა გამარჯვებული. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, კულმინაციისკენ მივდივართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ნაბიჯს, ყველა განცხადებას, ურთიერთკოორდინაციას. ერთიანობა ყბადაღებულ თემად გადაიქცა, ჩვენ ერთიანობა კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება კოორდინაცია სტრატეგიულ საკითხებზე და ამას მეტ-ნაკლებად ვახერხებთ.
სინამდვილეში, ოქტომბერში არანაირი თვითმმართველობის არ იმართება რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რეჟიმს ბერკეტები კი არ შეუმცირდა, რამე კი არ შეცვალა. სანქცირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვინც უნდა ჩაატაროს არჩევნები. დამკვირვებლის უფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უნდა დააკვირდნენ პროცესს, უცხოეთის აგენტებად გამოაცხადეს, უცხოელები, ვინც უნდა ჩამოვიდნენ წინასწარ თუ არ შეუთანხმდნენ ხელისუფლებას, ისე პროცესში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ხვდებით ახლა სად მივდივართ? ახლა რომ გამოაცხადო, არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას, მაშინ არჩევნები უნდა იყოს, უნდა მოიპოვო ეს არჩევნები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდა, პაატა მანჯგალაძე პასუხობს, რომ პარტიის შიგნით არ არის ცალსახა პოზიცია, თუმცა თავად ფიქრობს, რომ „ხალხი მოითხოვს არა კიდევ უფრო მეტ ტყვეს და მეტ თავგანწირვის აქტს, არამედ მოითხოვს აქტიურ მოქმედებას“.
„გირაოსთან დაკავშირებით რომ ვთქვათ, რომ ცალსახა პოზიცია გვაქვს, ნამდვილად არა. პარტიის შიგნით არ არის ცალსახა პოზიცია. ორივე მხარეს არის არგუმენტები, ჩვენ გვესმის არგადახდის არგუმენტები, ძალიან პრინციპული საკითხია, ადამიანები მიდიან პატიმრობაზე თავისი სიტყვის გამო, ეს დასაფასებელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენგან ხალხი მოითხოვს არა კიდევ უფრო მეტ ტყვეს და მეტი თავგანწირვის აქტს, არამედ მოითხოვს აქტიურ მოქმედებას და მე ვფიქრობ, სივრცე, რაც იქნება დაპატიმრებამდე დარჩენილი, გამოვიყენოთ კოორდინაციისთვის, უფრო მეტი წინააღმდეგობის შექმნისთვის, ვიდრე რეჟიმის პატიმრობაში ყოფნისთვის. ვფიქრობ, რომ ლიდერები გვჭირდება თავისუფლებაში, წინა ხაზზე და არა ტყვეობაში. ახალ ლიდერებს არ დავამატებდი ტყვეობაში, ვინც არიან იმათაც – გამოვიხსნიდი. ხალხის დაკვეთა არის არა მხოლოდ თავდადება, არამედ შედეგებიც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა

ნატო ჩხეიძე: ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა