პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტია ყველა იმ რეკომენდაციის შესრულებას მხარს დაუჭერს, რომელიც ევროკომისიის მიერ გაცემული 9 დათქმის შესრულებისკენ იქნება მიმართული. მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს სამუშაო ფორმატები.
„რაც შეეხება მოლოდინს რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე პოზიტიური მაქვს, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში მაინც დამშვიდებული ვერ ვიქნებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „რომ გადავხტებით, ჰოპ მერე დავიძახოთ“, მაინც ფრთხილად ვიყოთ, ყველაფერი დაზღვეული შეიძლება არ იყოს, ვგულისხმობ რისკებს. „ქართულ ოცნებას“ რომ უნდოდეს, ახლა ჩვენ 12 რეკომენდაცია შესრულებული გვექნებოდა და კითხვის ნიშანი არ იქნებოდა, მაგრამ როცა რეკომენდაცია შესრულებული არ არის და სხვების კეთილი ნების იმედად ვართ, ანუ ევროპელების, ამიტომ ბოლომდე დარწმუნებული ვერ ვიქნებით.
პროპაგანდა არ ისვენებს, წელიწადნახევარი დააკარგვინეს ხალხს სამუშაო ჯგუფებში, არცერთი რეკომენდაცია არ დაუწერიათ. მაინც ჯიუტად იძახიან, რომ „იქნებით თუ არა სამუშაო ჯგუფებში?“ დიახ, ჩვენ ყველა რეკომენდაციას, რომელიც იქნება 9 პირობის შესრულებისკენ მიმართული, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ და ამას მივესალმებით, მაგრამ ერთი რამ ვაღიაროთ, დღესაც კი არ ვიცით, იმ სამუშაო დღის წესრიგის და გეგმის შესახებ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ დამალული აქვს ხალხისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც არ უნახავთ ეს სამოქმედო გეგმა, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს ეს სამუშაო ფორმატები.
ჩვენ არანაირი ილუზია არ უნდა შევიქმნათ, არანაირ დეოლიგარქიზაციას ოლიგარქი არ მოახდენს. ეს არის იმიტაცია რაღაც პროცესის და სამწუხაროა, რომ ჩვენ მომავალი 6 თვე უნდა დავხარჯოთ ამ იმიტაციაში, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში გვყავს „ქართული ოცნება“. არანაირი დეოლიგარქიზაცია „ქართული ოცნების“ პირობებში არ იქნება, არანაირ ანტიდასავლურ რიტორიკაზე „ქართული ოცნება“ უარს არ იტყვის, არანაირი საგარეო კურსი ევროპასთან თანხვედრაში არ მოვა, არანაირი ანტიკორუფციული ღონისძიებები „ქართულ ოცნებაში“ არ მოხდება, უფრო მეტიც, არანაირი მურუსიძის სასამართლოს რეფორმა არ მოხდება. ამიტომ ნუ შევიქმნით ილუზიას! კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ პროცესებზე თვალის დახუჭვა ნიშნავს, რომ ვერ დაინახო სპილო ოთახში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.