პაატა ზაქარეიშვილი – „ქართულ ოცნებაში“ ფარისევლობენ, რომ მიდიან ევროპაში, თუმცა ევროპა არ ელოდება მათ – მთელი ევროპა გვეუბნება, რომ მათ კარში ვერ შევალთ, რადგან რუსული კანონით საქართველომ ევროპა მტრად აღიარა

ცალსახაა, რომ დასავლური კანონები მკაფიოდ მუშაობენ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებზე, ჩვენი კანონი კი მუშაობს ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ, ამ დროს ჩინეთი შემოვუშვით ჩვენ ქვეყანაში და შავ ზღვასა და კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შევცვალეთ , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ზაქარეიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ფარისევლობს, როცა თავს პროევროპულად აცხადებს და ამით ცდილობს, თავისი რუსული შიგთავსი ევროპული კონცეფციით გადაფაროს.
„აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ცალსახად და მკაფიოდ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და მისთვის მთავარია, თავის ამომრჩეველს დააჯეროს, რომ ის არ არის რუსული პარტია, იმიტომ, რომ ბევრს არ მოსწონს ეს პოზიცია. დღემდე ღიზიანდებიან, როცა ეუბნებიან, რომ ეს არის „რუსული კანონი,“ რუსული მთავრობა… ე.ი. იციან, რომ ცნება „რუსული“ – რუსული კანონი, რუსული პარტია, რუსული პოლიტიკა არ არის პოპულარული საქართველოში, ამიტომ, დააბრალო მათ რუსული, მათთვის მიუღებელია, შესაბამისად, ისინი ფარისევლობენ, ფერს იცვლიან და ვითომ არიან ევროპელები, რათა თავისი რუსული შიგთავსი გადაფარონ ევროპული კონცეფციით. ამბობენ, რომ მიდიან ევროპაში, თუმცა ევროპა არ ელოდება მათ. ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო განცხადება, რაც გააკეთა ირაკლი მ, იყო ის, რომ თურმე კანონის ინიცირებამდე ჩვენ გვქონდა ნული შანსი მოლაპარაკებების გახსნაზეო. 90%-ზე მეტი გვქონდა რეალურად შანსი, როგორც მოლდოვასა და ს.
ცინიკურად და ფარისევლურად ლაპარაკობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ 30%-ით მოგვემატა ამის შანსი. 30%-ით კი არ მოგვემატა, 90%-ით დაგვაკლდა, მაგრამ პროცენტებს რა მნიშვნელობა აქვს, მთელი ევროპა გვეუბნება, რომ ასე მათ კარში ვერ შევალთ, რადგან ამ კანონით საქართველომ ევროპა აღიარა მტრად. რატომაა ქართული კანონი რუსული – უფრო პატიოსანია, რადგან ის პირდაპირ აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია, იქიდან წამოსული ფული მას ანადგურებს და ეს მტრული ფულია. ამიტომ რუსეთი ებრძვის იმ ხალხს, ვინც ამერიკიდან და ევროპიდან იღებს ფულს. ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ მივდივართ ნატო-სა და ევროკავშირში, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენ ეს ვაღიარეთ, ისტორიებს ვყვებით სულხან-საბა ორბელიანზე და კიდევ ადრეულ პერიოდებზე, როგორ მივდიოდით იქითკენ და როგორც იქნა, ეს რეალური გახდა და ამ დროს რას ამბობს ეს კანონი: დასავლეთის ფული მტრულია ჩვენთვის, ამიტომ მე უნდა დავაწესო ამ ფულზე კონტროლი ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს.
ზარქუები და მდინარაძეები რომ არ ამბობენ, რა პრინციპული განსხვავებაა ამერიკულსა და რუსულ კანონში – ამერიკული კანონის მიხედვით, თუნდაც მილიარდი დოლარი მიიღე შემოსავალი, მთავარია, არ დადასტურდეს შენი საქმიანობა მტრულ ქვეყანასთან, ესაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი. ფულზე არაა აქ ლაპარაკი, კანონი მოქმედებს მაშინ, როცა მტკიცდება, რომ რომელიმე პირი მუშაობს უცხო, მტრულად განწყობილ ქვეყანაზე. ჩვენთან კი მაშინ იწყებს კანონი მოქმედებას, როცა ფულს მიიღებ და არ აინტერესებთ, რაში ხარჯავ ამ ფულს – ეკოლოგიაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, ჯანდაცვაში, მიუსაფართა დაცვაში, ცხოველთა დაცვაში, ჯანდაცვაში და ა.შ. არა, ფული მიიღე? უკვე აგენტი ხარ, ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ გჭირდება, ერთადერთი მტკიცებულება ფულის მიღებაა და არა ის, რომ რაღაც კომისიამ უნდა დაგიმტკიცოს ჯაშუშობა.
ცალსახაა, რომ დასავლური კანონები მკაფიოდ მუშაობენ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებზე – ჩინეთზე, რუსეთზე, ირანზე და ა.შ. ჩვენი კანონი მუშაობს „მტრულ სახელმწიფოებზე“ – ამერიკაზე და ევროკავშირზე. ამ დროს ჩინეთი შემოვუშვით ჩვენ ქვეყანაში და შავ ზღვასა და კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შევცვალეთ. თუ ამდენ ხანს შავ ზღვაზე ორი დიდი ქვეყანა ბატონობდა – რუსეთი და მისი ფლოტი, ნატო თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მეშვეობით, (კონსტიტუციით საქართველოც მიდის ნატო-ში) ამ გეოპოლიტიკურ დალაგებულ, მაგრამ ვითარებაში, სადაც ერთ მხარეს რუსეთია და მეორე მხარეს ნატო, ჩვენ შემოვუშვით ჩინეთი შავ ზღვაზე“ , – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ