სოხუმიდან დაიწყება სანქცირებული ტვირთების გადაზიდვა – ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წინასწარ იყვნენ შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების დუმილი განპირობებულია მათი ინტერესით – „საქართველოს ტერიტორიაზე იაროს რაც შეიძლება მეტმა ტვირთმა“.
ზაქარეიშვილის თქმით, საქართველო, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, რუსეთის თამაშის წესებით არ უნდა თამაშობდეს.
“სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე, დიდი ხანია, საუბარი მიდის. რუსეთს ჯერ კიდევ სოჭის ოლიმპიადის დროს უნდოდა, განეხორციელებინა გარკვეული ფრენები, მაგრამ მაშინაც კი ვერ გაბედეს და ახლა აეროპორტი გაარემონტა მხოლოდ და მხოლოდ შიდა ფრენებისათვის – ანუ სოხუმიდან თვითმფრინავი შეიძლება გაფრინდეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ აეროპორტებში და პირიქით. ერთადერთი ლოგიკა აქ არის ის, რომ სოხუმიდან დაიწყება სანქცირებული ტვირთების გადაზიდვა. ეს დღესაც ხორციელდება – თურქეთიდან შემოდის ტვირთები, საქართველოს გავლით შედის გალის რაიონში, სადაც არის ძალიან დიდი ტერმინალი. აეროპორტი იქნება დამატებითი ფაქტორი, რომლითაც მოხდება ტვირთების გადაზიდვა რუსეთის დანარჩენ ტერიტორიაზე.
ეს ის შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლება აქედან იღებს გარკვეულ სიკეთეებს – ეს ტვირთები საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წინასწარ იყვნენ შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან.
დღეს გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები, სადაც ორჯერ და სამჯერ არის გაზრდილი ექსპორტი და იმპორტი საქართველოში – შემოდის ტვირთი და გადის ტვირთი, შესაბამისად, კარგად უნდა დავაფიქსიროთ, სად გადის ეს ტვირთი, როგორ ხდება მისი გატარება და ჩვენ ვნახავთ, რომ აფხაზეთზე მიდის საკმაოდ სერიოზული რაოდენობა ტვირთებისა ან თუ არ მიდის, მალე წავა, როგორც კი ამ აეროპორტის გამოყენებას რუსეთი დაიწყებს.
მე მგონია, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების დუმილი განპირობებულია იმით, რომ მათ ინტერესებშია, საქართველოს ტერიტორიაზე იაროს რაც შეიძლება მეტმა ტვირთმა. საქართველოს მთავრობა არც კი მალავს, რომ ისინი არ უერთდებიან საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, რატომ თამაშობს იმავე წესებით, რაც რუსეთს აწყობს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს და ყველა მესიჯი საკუთარი ამომრჩევლისთვის არის გამიზნული და მათი “დაბოლება” სურთ.
ექსპერტი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი განცხადებები უფრო პარანოიდულია, ვიდრე ჰიტლერი იყო.
“ქართული ოცნება” აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას, მას სჭირდება არჩევნებში გამარჯვება, რომელიც იქნება ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნები. მთელი ეს მესიჯები არა ევროპისთვის, არამედ თავისი ამომრჩევლისთვისაა – მათ უქმნიან მტრის ხატის განცდას, რომ ევროპა ჩვენი მტერი გახდა, “დიფ სთეითი” და მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგაა. “გლობალური ომის პარტია” რატომღაც აღარ არის, ამოწურა, ეტყობა, თავისი რესურსი და ახლა უფრო გაუგებარი და უფრო ბუნდოვანი ტერმინით უნდათ თავიანთი ამომრჩევლის “დაბოლება”. იმედია, უფრო და უფრო მეტი ხალხი მიხვდება ”ქართული ოცნების” ამომრჩეველთა რიგებში იმიტომ, რომ სხვაზე არ მოქმედებს ეს ყველაფერი, ევროპაში სასაცილოდ არ ჰყოფნით. ჰიტლერი არ იყო ასეთი პარანოიდალური, როგორიც არის მათი ეს განცხადებები. კიდევ კარგი, იარაღი არ აქვთ და არ შეუძლიათ, მსოფლიო ომი წამოიწყონ, თორემ სხვა მხრივ ყველანაირად გასული არიან ასტრალში”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
