პაატა ზაქარეიშვილი – რუსეთი ცდილობს სომხეთის ეკონომიკის მოგუდვას სხვისი ხელებით და ეს „სხვისი ხელები“ არის საქართველო – იმპერიის წინაშე ვართ იმპერიის ხელთათმანები და ჩვენ ვახრჩობთ სომხურ ეკონომიკას – ეს ამორალურია!

„ქართული ოცნება“ აგვისტომდე არანაირ პირობას არ შეასრულებს, თუმცა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას უცებ არ შეწყვეტს – უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ანგარიშის შესაბამისად, ოქტომბერ-ნოემბერში მოხდება, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ევროკომისიის წერილი, სადაც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდეს.
მისივე თქმით, ევროკავშირმა გადაწყვეტილება ანგარიშის შესაბამისად უნდა მიიღოს, ამიტომ ნებისმიერი მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ თვითმმართველობის ს შემდეგ მოხდება.
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ „დაბრმავებული აქვს თვალები და თვითმმართველობის არჩევნებისკენ ყნოსვით მიდის“.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, ხელისუფლება პატიმრებს გამოუშვებს.
„რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, ყველაფერი ბლეფია და წინასწარ უნდა დავუსვათ ჯვარი, გადავაგდოთ. „ქართული ოცნება“ აკეთებს შემდეგს – ის მიდის ადგილობრივ არჩევნებზე. მას დაბრმავებული აქვს თვალები, დაყრუებული აქვს ყურები და ყნოსვით მიდის არჩევნებისკენ. მხოლოდ ინსტინქტის დონეზე მოქმედებს და მას სჭირდება, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, როგორმე ძალაუფლება მიითვისოს.
ევროკავშირმა ვადად დაუდგინა აგვისტოს ბოლო, მერე იწყება სექტემბერი და 4 ოქტომბერს არის არჩევნები. არ შეასრულებენ არანაირ პირობას. შემდეგ ევროკავშირი უცებ კი არ შეწყვეტს ვიზალიბერალიზაციას. ოქტომბერ-ნოემბერში იქნება ანგარიში, სადაც ჩაიწერება, რომ არ შეასრულეს პირობები და ამის შემდეგ მოხდება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება. ანუ, ანგარიშის შესაბამისად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომ ნებისმიერი მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოხდება მხოლოდ არჩევნების შემდეგ. იგივე ბედი ელის „MEGOBARI აქტსაც” ამერიკაში – არჩევნებამდე რეალიზაცია ვერ ესწრება. ეს ძალიან ფარისევლურად, გარეწრულად იცის „ქართულმა ოცნებამ“, ამიტომ მშვიდად მიყვება ამას. როგორც კი არჩევნები ჩატარდება, ის გამოუშვებს პატიმრებს. ლოგიკურად ასე ჩანს, ამდენი პატიმარი მას არ სჭირდება. ტემპერატურას დაწევს არჩევნების შემდეგ. „ქართული ოცნება“ მშვიდად წყნარად ასრულებს თავის ამოცანებს და ანგრევს გარშემო ყოველგვარ დემოკრატიულ საფუძვლებს,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, ევროკომისიის წერილში რატომ არ არის პირდაპირი ჩანაწერი, რომ მოხდეს დაკავებული პოლიტიკოსების და თუ მომიტინგეების გათავისუფლება, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ სავარაუდოდ, ამ მიმართულებით, ევროკავშირსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება უკვე არსებობს და ხელისუფლებას აღებული აქვს ვალდებულება, რომ არჩევნებამდე პატიმრების რაღაც ნაწილი გამოუშვას.
მისივე ვარაუდით, „ქართული ოცნება“ პატიმრებს მაშინ გამოუშვებს, როცა დარწმუნდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობა თვითმმართველობის არჩევნებში მართლა არ მონაწილეობს.
„მე მგონი, ევროკავშირსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება უკვე არსებობს და მას აქვს აღებული ვალდებულება, რომ არჩევნების შემდეგ პატიმრების რაღაც ნაწილი გამოუშვას. აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ტემპერატურას წევს, რათა გარანტირებულად მიიღოს ბოიკოტი. თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ნახევარი მონაწილეობს, ნახევარი – არა. თუ დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობა მართლა არ მონაწილეობს არჩევნებში, ეს გამოჩნდება, ალბათ, აგვისტოს ბოლოსთვის, მაშინ მე მგონი, შეიძლება არჩევნებამდე, პატიმრების გარკვეული ნაწილი გამოუშვან. პირველ რიგში, ალბათ, ახალგაზრდები. მანამდე ტემპერატურას აწევენ, საზიზღრად მოექცევიან, საშინლად გაასამართლებენ, სასჯელად მნიშვნელოვან წლებსაც მისცემენ და მერე გამოვა ეს დე ფაქტო პრეზიდენტი და ამას შეწყალებით განახორციელებს,“ – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველომ დან სომხეთში თხევადი გაზის იმპორტი დააბრკოლა და განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ხელებით, სომხურ ეკონომიკას ახრჩობს. მისი თქმით, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, სომხეთის მოგუდვა სხვების ხელებით მოახერხოს და ეს სხვისი ხელები არის საქართველო.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ ტვირთებს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს. თუ ტვირთი არის ნორმალურად შეფუთული, საქართველო მას ატარებს. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, მით უმეტეს, სომხეთის მიმართ ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა და უცებ, ბოლო პერიოდში წამოვიდა უცნაურობები. მაგალითად, რუსეთმა უცებ დაიწყო სომხური კონიაკის გაჩერება და ხარისხის შემოწმება. რა შენი საქმეა, კონიაკის ხარისხი, როცა შენთან არ შემოდის?! რუსეთსა და სომხეთს შორის ვითარება იძაბება და იძაბება. რუსეთს სომხეთში პრორუსული ძალები ჰყავს, არ უნდა ამ ძალების დასუსტება და ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, სხვების ხელებით მოახერხოს სომხეთის მოგუდვა, აგრძნობინოს, „შენ კარგად მოიქეცი მანდ, თორემ უარესი მოგელის“. სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, ეს სხვისი ხელები არის საქართველო. რუსეთის იმპერიის წინაშე ვართ იმპერიის ხელთათმანები. იმპერიამ თავის ხელებზე წამოგვაცვა საქართველო და ჩვენ ვახრჩობთ დღეს სომხურ ეკონომიკას. ეს ყოვლად მიუღებელი და ამორალურია,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.