პაატა ზაქარეიშვილი – ვიქტორ ორბანმა ტრამპს როგორ უნდა აუხსნას, ჩინეთი რატომ აშენებს შავ ზღვაზე პორტს, როგორ უნდა გაამართლოს ეს ან ის როგორ უნდა გაამართლოს, რომ საქართველოს მთავრობა ირანთან კონტაქტებს ეძებს

ვიქტორ ორბანმა ტრამპს როგორ უნდა აუხსნას, ჩინეთი რატომ აშენებს შავ ზღვაზე პორტს, როგორ უნდა გაამართლოს ეს ან ის როგორ უნდა გაამართლოს, რომ საქართველოს მთავრობა ირანთან კონტაქტებს ეძებს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში სახელმწიფო დეპარტამენტს ენდობა და თუ სახდეპი სანქციების დაწესებას გადაწყვეტს, მას ტრამპისგან თანხმობა ექნება.
„ტრამპი უაღრესად პრაგმატული ადამიანია. მან, შეიძლება, ორბანის სიტყვებს ბოლომდე იგნორირება არ გაუკეთოს, თუმცა ორბანზე მეტად, ტრამპს აწუხებს, მაგალითად, თუ აღმოაჩენს, რომ შავ ზღვაზე ჩინეთი აშენებს პორტს – ეს ძალიან უცნაური იქნება, რა უნდა შავ ზღვაზე ჩინეთს. ან კიდევ, თუ აღმოაჩენს, რომ საქართველოს მთავრობა ესწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები არ დაესწრნენ, რომლებიც ირანის მეზობლები არიან და რა უნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე – ასეთი საკითხები ორბანზე მაღლა დგას. ვიქტორ ორბანმა როგორ უნდა აუხსნას, ჩინეთი რატომ აშენებს შავ ზღვაზე პორტს, როგორ უნდა გაამართლოს ეს ან ის როგორ უნდა გაამართლოს, რომ საქართველოს მთავრობა ირანთან კონტაქტებს ეძებს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპისთვის არსებობს მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები და ენდობა სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თემა არის კონგრესთან პაკეტში და თუ სანქციები იქნება საჭირო, ის ამას მიემხრობა. არ მგონია, ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს ტრამპის გვერდით, რომელიც საქართველოს თემას გადაათქმევინებს და ამ საკითხს ჩასვამს პორტფელში. არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპზე მუშაობს იგივე სომხური ლობი. დარწმუნებული ვარ, თუ ტრამპი კავკასიით დაინტერესდა, უფრო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესდება, რომელიც თითქმის მოგვარებულია და ორ-სამ საათიანი მუშაობაღა დარჩა”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მან ასევე შეაფასა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უკვე ადგილობრივი სთვის უნდა ემზადებოდეს და მხოლოდ დასავლეთის იმედით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
„დრო მიდის, აშკარაა, რომ შემოდგომაზე აუცილებლად ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები. „ქართული ოცნება“ უკვე ემზადება ამისთვის, რეგიონებში საქმიანობა მიმდინარეობს და არანაირად არ ჩანს ოპოზიციის პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებული ან ერთობლივი ან ცალ-ცალკე პოზიცია – იღებენ თუ არა მონაწილეობას. ვიღაც შეიძლება წავიდეს, ვიღაც არა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არჩევნები გაფანტული იქნება მთელი საქართველოში, ასე რომ, “ქართული ოცნება” ძალიან ბევრ პარტიას იპოვის, რომელმაც 5% ვერ გადალახა, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და დაიკავებს ოპოზიციურ ადგილს რეგიონებში.
უნდა გავიხსენოთ, რომ თავის დროზე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა, ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა და შემდეგ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. ჩემი აზრით, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, იღებენ თუ არა მონაწილეობას და თუ იღებენ, რა პირობებით და თუ არ იღებენ, რატომ არ იღებენ. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული შეტყობინება. მე მიმაჩნია, რომ უნდა მიიღონ და კარგი იქნება, თუ გაინაწილებენ რეგიონებს და ერთმანეთს ადგილზე თავისი რესურსებით დაეხმარებიან. კარგი იქნება, თუ ჩამოყალიბდებიან თბილისის მერის კანდიდატზე. კარგი იქნება, თუ ეს იქნება იმიტომ, რომ თბილისი თითქმის გარანტირებულად შეიძლება მოიგონ, რადგან დედაქალაქი უკვე გამზადებულია მოსაგებად. საჭიროა ასევე სხვა ქალაქებში მუშაობა. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ამ არჩევნებშიც “ოცნებამ” გაიმარჯვა, მერე სამი წელი არჩევნები აღარ იქნება. ამ მიმართულებით მუშაობა არ მიდის და გული მწყდება, რომ მხოლოდ დასავლეთის მოლოდინი გვაქვს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.