პაატა ზაქარეიშვილი – გიორგი ბაჩიაშვილი ან შემოიტყუეს, ან გაურიგდნენ – რომელიც არ უნდა იყოს, ეს არის შეტყობინება „ახლობლებისათვის“: „ყველას გიყურებთ, გაკონტროლებთ და ჩემგან შორს ვერ წახვალთ“

ბაჩიაშვილი ან შემოიტყუეს, ან გაურიგდნენ, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი ხდება ადგილობრივი ს წინ, რომლისთვისაც „ქართული ოცნება“ აღვირახსნილი ემზადება. ეს ყველაფერი არის შეტყობინება, პირველ რიგში „ახლობლებისათვის“ – „ყველას გიყურებთ, გაკონტროლებთ და ჩემგან შორს ვერ წახვალთ“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, ის, რაც ბაჩიაშვილთან მიმართებაში ხდება, „უცნაური მოვლენაა“.
„უცნაური მოვლენაა, ადამიანი, რომელიც საქართველოდან სკანდალით გაიპარა რომელიღაც არაბულ ქვეყანაში და მეტ-ნაკლებად დაცულად გრძნობდა თავს, საქართველოს საზღვარზე მწვანე ზონაში აღმოჩნდა. ან შემოიტყუეს, ან გაურიგდნენ. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი ხდება ადგილობრივი არჩევნების წინ, რომლისთვისაც „ქართული ოცნება“ აღვირახსნილი ემზადება. ეს ყველაფერი არის შეტყობინება, პირველ რიგში „ახლობლებისათვის“ – „ყველას გიყურებთ, გაკონტროლებთ და ჩემგან შორს ვერ წახვალთ“. მეორე მხრივ, ეს შეტყობინება არის შეშინებული ხალხისთვის – „არ გაბედოთ და სხვას არ მისცეთ ხმა“. არჩევნების წინ ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება. მას ალბათ მოუწევს ყველაფრის ივანიშვილისთვის დაბრუნება. საინტერესოა, თავისი ნებით ჩაბარდა, ანუ გარიგებას აქვს ადგილი თუ შემოიტყუეს. უკვე მნიშვნელოვანია, ადვოკატი რას იტყვის და რა კონტექსტს შექმნის. ასევე, მის მიერ მიცემული ინტერვიუ დაკავებამდე თან ხსნის და თან აბუნდოვანებს სიტუაციას. ინტერვიუში ჩანს, რომ ბაჩიაშვილი ივანიშვილს ხელს აფარებს, ამიტომ გარიგების თეორია გამორიცხული არ არის. რაღაც ფორმაზე გარიგდნენ, რომ – მას არაფერი დაუშავდება, ჩამოვა და რაღაც პერიოდს ციხეში გაატარებს, შემდეგ კი მისი შეწყალება მოხდება ყაველაშვილის მიერ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტოლოგმა 26 მაისთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართული ღონისძიება შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანი კონცეფცია შეინარჩუნოს და „გუშინდელი დღეც ამ კონცეფციის დასტურია“.
„ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით ცდილობს, რომ მშვიდობიანი კონცეფცია შეინარჩუნოს არჩევნებამდე. დარბევები გამორიცხა, მაქსიმალურად ზომიერია, არ ეწინააღმდეგება რუსთაველის გადაკეტვას. გუშინდელი დღეც ამ კონცეფციის დასტურია, რომ მსოფლიოსა და მერყევ ამომრჩეველს განცდა გაუჩინოს, რომ მშვიდობის მომხრე, სამშვიდობო პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლებაა. ეს კი „ქართული ოცნების“ მხრიდან დათბობის ნიშანია და არა დათმობის, რომ შემდეგ გაიფორმოს ლეგიტიმაცია, „ოცნება“ ავტოკრატიაა, არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან და ცდილობს, მსოფლიოს დაანახოს, რომ სხვებზე უკეთესი ავტოკრატია, რომ მზად არის ჩემპიონი გახდეს, თავისი რბილი ავტოკრატიით. ამ ტიპის კონცეფციის შექმნას ცდილობს „ოცნება“. ოპოზიციაში დაბნეულობაა, საზოგადოება კი ზურაბიშვილისგან მკაფიოობას ელოდა. ხელისუფლების პირველი პირები განცხადებები კი დემაგოგია და ბოდვითი წარმოსახვები იყო“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება 26 მაისთან დაკავშირებით ს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით გამართულ მარშებსა და აქციას, ზაქარეიშვილის შეფასებით, ღონისძიებები საინტერესო იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები – ბუნდოვანი.
„აღტაცებული ვარ, ორგანიზატორებს დიდი მადლობა. ღონისძიებაში ყველა ჯგუფი იყო წარმოდგენილი პოლიტიკური თუ სამოქალაქო, ისტორიაც გააცოცხლეს. ასევე არ იყო არანაირი პროვოკაცია, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. წინააღმდეგობის მონაწილეებმა ღირსეულად ჩაატარეს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიება.
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლით კი აღტაცებული არ ვარ, ორაზროვანი იყო. ერთი მხრივ ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არავინ არ უნდა მიიღოსო და ამავე წინადადებაში აცხადებს, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთო, თუ არჩევნებში არ მიდიხარ რისთვის უნდა იყო მზად? ან არავინ არ მიდის რას ნიშნავს? რა იცის, რომ გახარია მონაწილეობის მიღებას არ აპირებს? რატომ საუბრობს წინასწარ გახარიას ნაცვლად? ადგილობრივი არჩევნების საკითხი „ოცნების“ მიერაა შემოგდებულიო, როცა სიმართლისთვის იბრძვი, არ შეიძლება ბოროტებას დაემსგავსო. ადგილობრივი არჩევნების საკითხი „ქართულ ოცნებას“ არ შემოუგდია. კონსტიტუციაში წერია და მის მიერაა დადგენილი ადგილობრივი არჩევნების საკითხი. „ქართულ ოცნებას“ ძალიან არ უნდა ეს არჩევნები, რადგან ახალი გაყალბებისკენ, იდიოტური ქცევებისკენ აიძულებს. შემდეგ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად შესაძლოა საპარლამენტო არჩევნები ჩაატარონო, რა ინფორმაცია აქვს? ბუნდოვანება ყველაზე ცუდია. ზურაბიშვილმა მკაფიოდ უნდა თქვას, ვიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, რადგან მოგვწონს თუ არა ის ლიდერია. ჩემი აზრით, მან უნდა თქვას – „დავიღალე ამ წუწაობით, კომუნიკაციით, არ გამოვიდა არც კომუნიკაცია და არც პლატფორმა, ამიტომ მე ჩემს თავს თბილისის მერის კანდიდატურად ვაცხადებ“ და რეალობაც შეიცვლება. პროტესტიც ახალ ენერგიას შეიძენს. თბილისის და რამდენიმე ქალაქის მოგება შეიძლება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.