მოსკოვსა და სოხუმს შორის გართულებული ურთიერთობების მიზეზებზე, რამდენად შეიძლება იყოს ეს დამოკიდებული საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგების პროცესთან, არსებული მდგომარეობა რა კავშირში შეიძლება იყოს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან, რამდენად საფუძვლიანია ამომრჩეველში გაჩენილი იმედები იმაზე, რომ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის დახმარებით დაიბრუნებს, „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ, პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
– ბატონო პაატა, 1 სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა. აფხაზეთის მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები ხელფასს რუსეთისაგან ვერ მიიღებენ. ამის მიზეზად სოხუმში ასახელებენ იმას, რომ სოხუმის ხელისუფლებამ არ მიიღო ე.წ. რუსული კანონი, არც „კანონი აპარტამენტების შესახებ“. გარდა ამისა, მოსკოვო სოხუმისაგან ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და გადაწყვეტილებების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირებას ითხოვს. მოსკოვი სოხუმისაგან რუსეთისაგან ელექტროენერგიის მიღებას კომერციულ ფასებში მოითხოვს. ასევე მოითხოვს რუსეთის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფას.
უნდა ითქვას ისიც, რომ მოსკოვი აფხაზეთს დიდი ხანია სთავაზობს თავად თავად მოიძიოს რესურსები თავისი სტრუქტურების დასაფინანსებლად. მაგრამ, ამ ვითარებას ისიც ამძიმებს, 26 აგვისტოს პრეზიდენტ პუტინს აფხაზეთისთვის არ მიულოცია „აფხაზეთის დამოუკიდებლობა“, წელს ამავე დღეს მოსკოვში არ შედგა რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელსაც როგორც წესი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კოზაკი ხელმძღვანელობს.
ამ თემაზე უამრავი აზრი და ვერსია გამოითქმის, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა ხდება მოსკოვსა და სოხუმს შორის? დღეს არსებული პრობლემების ჩამონათვალი მხოლოდე კონომიკურია თუ პოლიტიკური?
– დიახ, აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი. ვფიქრობ, ორი კალათის თემებზეა საუბარი – ეს არის მოსკოვი-თბილისის ურთიერთობები და აქედან გამომდინარე აფხაზეთის დისკურსი და მეორეა – სოხუმი-მოსკოვის ურთიერთობები და აქედან გამომდინარე მათ შორის ურთიერთობებში თბილისის დისკურსი.
ჩვენი ეს „ორი კალათა“ ხშირად გვერევა ერთმანეთში. ჩემი აზრით, პუტინმა რომ არ მიიწვია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტები“ 9 მაისის აღლუმზე, შემდეგ არ მიულოცა სოხუმს და ცხინვალს მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარება, ეს არის წმინდა წყლის, უკვე ქართულ-რუსული ურთიერთობების რეალიზაცია. მოსკოვს არ უნდა არჩევნებამდე გააღიზიანოს თბილისი და ზედმეტად ალაპარაკოს რუსეთის გარკვეულ მოქმედებებზე საქართველოს წინააღმდეგ და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს „ქართული ოცნება“. რაც შეეხება აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ შეზღუდვებს. აქ უნდა ვთქვათ, რომ მოსკოვი ჩაერთო აფხაზეთში მოახლოებულ და მარტში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებში. ახლა მოსკოვი სოხუმისაგან ელოდება იმ ვალდებულებების შესრულებას, თქვენ კითხვაში ჩამოთვალეთ.
მოსკოვი ჩაერთო აფხაზეთში მოახლოებულ და მარტში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებში
ეს ვალდებულებები სოხუმს აღებული აქვს 2020 წლის ნოემბერში, როცა ხელი მოეწერა მემორანდუმს რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ. ამ თემაზე საუბარი 2014 წელს დაიწყო, მაგრამ ხელი მხოლოდ 2020 წელს მოეწერა. მას შემდეგ თითქმის 4 წელია გავიდა და მას სოხუმი არ ასრულებს. ჩემი აზრით, ახლა მოსკოვმა აფხაზეთში დაიწყო მოქმედებები, რათა არჩევნებამდე აიძულოს აფხაზეთის ხელისუფლება შეასრულოს რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები. ვხედავთ, რომ მოსკოვი ახლა აფხაზეთში „ხელის გადაგრეხის“ პრინციპზეა გადასული.
2024 წლის ბოლოსთვის აფხაზეთს უნდა აეღო თავის თავზე ვალდებულება და თავად გაესტუმრებინა საბიუჯეტო ხარჯები. სოხუმმა ეს ვალდებულება კი აიღო, მაგრამ, როგორც წესი, იგი ამ ვალ;დებულებებს არასდროს არ ასრულებდა და არც ახლა ასრულებს.
საქმე ისაა, რომ სოხუმი ჯიუტობს ყველა საკითხში, სადაც რუსეთის ინტერესებია. ეს არის ბიჭვინთის აგარაკი, რომლის საკითხი დღემდე მოგვარებული არაა. აფხაზურმა პარლამენტმა ამ საკითხზე ხელშეკრულებაში ისეთი ცვლილებები შეიტანა, მხედველობაში მაქვს ის, რომ „არ შეიძლება მესამე პირს“ გადაეცეს ბიჭვინთის აგარაკი. ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ელოდება იმას, რომ ამ თემაზე სოხუმის პოზიციაში კორექტივები მოხდება.
ამას ემატება, უფრო სერიოზული საკითხი, „კანონი აპარტამენტების შესახებ“, რომელიც მოსკოვის მცდელობის მიუხედავად აფხაზეთს არ მიუღია. თავიდან, ეს კანონი უნდა გავრცელებულიყო აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, შემდეგ მოსკოვი დათანხმდა იმას, რომ ეს კანონი აფხაზეთის აღმოსავლეთის რეგიონებში იმოქმედებდა, მაგრამ, ამ კანონის ეს ვარიანტი აფხაზურ პარლამენტს მიღებული არ აქვს.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სოხუმი არ განიხილავენ საკითხს „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“. აშკარად ჩანს, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა აფხაზური პოლიტელიტის მოქმედებების გამო, ამიტომ ახლა მან სოხუმს ეკონომიკური კუთხით დაარტყა. იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსკოვშია მიღებული დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ წერია, რომ აფხაზეთს არ მიეწოდა აგვისტოს თვის ხელფასები.
ეს არ გამორიცხავს, რომ ფინანსების მიუწოდებლობა სექტემბერშიც გაგრძელდება, ან შემდეგ თვეებში, ან სულაც მარტამდე, მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზეთი რომელიმე მიმართულებით რუსეთის სასარგებლოდ ნაბიჯს გადადგამს. თუ „აპარტამენტების კანონთან“ დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს, ვთქვათ, მარტამდე, ანუ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის აფხაზეთის მიმართ თავის ეკონომიკურ შეზღუდვებს შეამსუბუქებს. რუსებს ახლა არ აწყობს აფხაზი ხალხის გაღიზიანება, რადგან მას კავკასიაში ისედაც აქვს პრობლემები. არაფერს ვამბობ მის პრობლემებზე უკრაინისა და მთელი მსოფლიოს წინაშე.
რუსეთს სამხრეთ კავკასიაში რომ პრობლემები აქვს, ფაქტია. აზერბაიჯანი თურქეთს შეეკრა და მოსკოვს თურქეთის სახელით ელაპარაკება. პუტინის ბაქოში ჩასვლამ დაადასტურა, რომ პუტინი ბაქოში მთხოვნელის როლში უფრო იყო, ვიდრე გარკვეული „პატრონის“ როლში. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთზე ბევრი თვალსაზრისთ არის დამოკიდებული, მაინც არჩევს დისტანცირებული იყოს მოსკოვთან.
ქართველი ხალხი ხომ საერთოდ გაგიჟებულია რუსეთზე და ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი დილემა. „ქართული ოცნება“ გაყოფილია შუაში, ერთი ნაწილი ყვირის ევროპაში მივდივარო და მეორე მხრივ მიდის რუსეთში, რადგან თავის ვალდებულებებს რუსეთის მიმართ ვერ ღალატობს. მეორე მხრივ, მაინც იძულებულია ანგარიში გაუწიოს საკუთარ ხალხს. ასე რომ სამხრეთ კავკასიაში სრულად პარალიზებულია რუსეთის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკა. ამიტომ ვამბობ, რუსეთს არ სურს პრობლემები შეექმნას აფხაზეთში, ან სამხრეთ ოსეთში, ანუ, მის მიერვე ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე. ეს რომ მოხდეს, მას კიდევ უფრო დაუმძიმდება ვითარება. რუსეთს არ უნდა აწყობდეს აფხაზი ხალხის გაღიზიანება. მან მხოლოდ იმისთვის შეარჩია რამდენიმე თვით დრო, რომ გააწვალოს აფხაზეთი და ახლა მაინც აიძულოს იგი გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც მოსკოვი მისგან ითხოვს.
– იმ განწყობების გათვალისწინებით, რაც ახლა აფხაზეთშია, ძნელი სავარაუდოა, რომ აფხაზეთში რუსეთის სასარგებლოდ დაჩქარებულად განვითარდეს პროცესი. ამის მიუხედავად წავა სოხუმი მოსკოვთან დათმობებზე? თუ წავა, რა საკითხებში შეიძლება წავიდეს?
– ამ თვალსაზრისით, აფხაზეთში მოვლენათა განვითარების ორი ვარიანტია. უკვე საუბრობენ აფხაზურ ოპოზიციაში, რომ აფხაზეთს ამაზე უარესი პრობლემები გადაულახავს. იხსენებენ იმ პერიოდს, როცა აფხაზეთი საქართველოს მოთხოვნით რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ ბლოკადაში იყო და მათ ამ ბლოკადას გაუძლეს. ახლა ბევრი აფხაზეთში ხალხს „ქამრების მოჭერისკენ“ მოუწოდებს რომ მათ თავისი რესურსებით შეძლონ პრობლემებთან გამკლავება.
თუ მოვლენები ასე წავიდა, აფხაზეთის მოსახლეობა ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება. დღეს აფხაზეთის ეკონომიკური შეზღუდვა საქართველოს ბრალი არაა, ეს რუსეთი პოლიტიკის ნაწილია. თუ ადრე აფხაზები თავის ეკონომიკურ პრობლემებს შევარდნაძეს და საქართველოს აბრალებდნენ, რადგან საქართველო დსთ-ში მოითხოვდა აფხაზეთის ეკონომიკურ ბლოკადაში ყოფნას, ახლა საქართველოს რუსეთში ასეთი გავლენები არ აქვს. ახლა აფხაზეთის ეკონომიკური შეზღუდვები და აფხაზეთის ბლოკადის მთელი სიმძიმე რუსეთს დააწვება და აფხაზები არც იმას დაიჯერებენ, რომ ამ საქმეში ქართველები მონაწილეობენ.
ერთადერთი რაც რუსებს რჩებათ, ეს არის ხელი შეუწყონ ბჟანიას წასვლას. რადგან, ასეთი ბჟანია კრემლს არაფერში სჭირდება. თან იგი აფხაზურ საზოგადოებაში პოპულარული არა და ძალიან იოლი იქნება ამ პროცესისთვის ხელის შეწყობა. – რადგან აფხაზეთში მომავალი წლისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ახსენეთ, მძიმეწონიანი აფხაზი პოლიტიკოსის სერგეი შამბას საგარეო საქმეთა მინისტრად დაბრუნების თემას უნდა შევეხოთ.
მესმის, რომ ის უკვე პრეზიდენტობისთვის ასაკოვანიც კია, მაგრამ, საკმაოდ გამოცდილი აფხაზი პოლიტიკოსია, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების ყველა დეტალი და ნიუანსები.
– მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სოხუმიდან მათ მიერვე გამოზრდილი ინალ არძინბა გაიწვია და სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დანიშნა. რას შეიძლება ნიშნავდეს მინისტრად სერგეი შამბას დაბრუნება? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს აფხაზეთში მოახლებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს? ან, მოსკოვის გადმოსახედიდან ვინ შეიძლება გახდეს აფხაზეთის შემდეგი პრეზიდენტი?
– ინალ არძინბას მოსკოვში დაბრუნების შემდეგ სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა საკმაოდ დიდხანს იყო ვაკანტური და ამ თემაზე ბევრი მოსაზრებები ვრცელდებოდა.
სრულიად გეთანხმებით, რომ შამბა აფხაზებში ყველაზე გავლენიანი, მცოდნე ფიგურაა არა მარტო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების საკითხებში, არამედ რუსეთთან ურთიერთობებშიც. ამიტომ ინალ არძიბას წასვლის შემდეგ გათვლები მასზე იმთავითვე კეთდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ანქვაბი საკმაოდ ძლიერი ფიგურაა, რუსეთთან ურთიერთობებში მასაც ჰქონდა ჩავარდნები. გვახსოვს ანქვაბის გადადგომა და ასე შემდეგ. შამბას რუსეთთან მიმართებაში ჩავარდნები არ ჰქონია. მაშინაც კი, როცა შამბა აფხაზური პარლამენტის წევრი იყო, ყველაზე პრორუსულ განცხადებებს სწორედ იგი აკეთებდა. იგი თავისი პრორუსული კონტექსტის გამო ხშირად მარტოც კი იყო, რადგან ამბობდა – „რუსეთს თუ არ დავუჯერეთ, აბა რა გვეშველება?“. აშკარაა, რომ შამბას დაბრუნებაში რუსეთიც მონაწილეობდა. იგი დააბრუნეს, რომ მან გააკონტროლოს აფხაზეთში რუსული პოლიტიკა და დააბალანსოს ის პოლიტიკური ძალები, რომელიც დღეს არიან აფხაზურ პოლიტიკაში.
საინტერესო ისაა, რომ ის პროცესები, რაც ახლა დაიწყო, მხედველობაში მაქვს რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვები, სწორედ ცოტა ხანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სერგეი შამბა დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად.
საინტერესო ისაა, რომ ის პროცესები, რაც ახლა დაიწყო, მხედველობაში მაქვს რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვები, სწორედ ცოტა ხანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სერგეი შამბა დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად
ასევე საინტერესო იყო ის, რომ მან ძალიან მოხერხებულად გაამართლა ის ნაბიჯები, რაც მოსკოვმა სოხუმის წინააღმდეგ გადადგა. მისი რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო – აბა, რა გეგონათ? მან პრორუსული პოზიცია დაიკავა, რაც მოსალოდნელი იყო. მან აფხაზი პოლიტიკოსებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე საუბრები, ბუნებრივ მოვლენად შეაფასა.
ცხადია, რომ შამბა დაიცავს არა აფხაზეთის, არამედ რუსეთის ინტერესებს. ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის პრეზიდენტი, იგი აშკარად კურატორი იქნება იმ პროცესების რომელთა გატარებაც რუსეთს აფხაზეთში უნდა. ამისთვის დაინიშნა თავის დროზე ინალ არძინბა, მაგრამ იგი ამ როლისთვის ძალიან ახალგაზრდა და ამბიციური იყო.
შამბას ამბიციები აღარ აქვს, ეს მოსკოვისთვის პლუსია, რადგან ის თავის პირობებს არ დააყენებს. დარწმუნებული ვარ, შამბა დიდი სიამოვნებით წავიდოდა პენსიაზე, მაგრამ, შამბა პატრიოტი კაცია, ზრუნავს აფხაზეთზე, ოღონდ პრორუსულ აფხაზეთზე, რადგან იგი სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. იგი საქართველოსთან აფხაზეთის ერთობას ვერ ხედავს, მხოლოდ რუსეთთან ხედავს აფხაზეთის ერთობას.
შამბა პატრიოტი კაცია, ზრუნავს აფხაზეთზე, ოღონდ პრორუსულ აფხაზეთზე, რადგან იგი სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. იგი საქართველოსთან აფხაზეთის ერთობას ვერ ხედავს, მხოლოდ რუსეთთან ხედავს აფხაზეთის ერთობას
ჩემი აზრით, შამბა ახლა ცდილობს გადაარჩინოს პრორუსული აფხაზეთი. ეს მისი პოზიცია აშკარად პრაგმატული და რაციონალურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ აქვს უნარი ქართველებს ელაპარაკოს. სამწუხაროდ, შამბას პრაგმატიზმი და რაციონალიზმი საქართველოს სასარგებლოდ არაა. მიუხედავად ამისა, მასაც კარგად ესმის, აფხაზეთის მომავალი რუსეთთან არ იქნება იდეალური.
– სანამ შამბაზე დაგისვამდით კითხვას, მინდოდა მეკითხა – რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს სოხუმის ხელისუფლების წინაშე დღეს მოსკოვთან დაკავშირებული გართულებული ურთიერთობები საქართველოს? საქართველოსა და რუსეთს შორის კულუარულ ურთიერთობებს, ანაც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს?
ამ კითხვაზე თქვენ ნაწილობრივ ისაუბრეთ და თქვით, აფხაზეთის თემა ნაწილობრივ რუსულ-ქართულ დამთბარ ურთიერთობებს უკავშირდება. თუ უკავშირდება, რამდენად უკავშირდება და როგორ უკავშირდება? კულუარული რუსულ-ქართული ურთიერთობის უკან რა შეიძლება იდგეს?
თუ ეს ყველაფერი ჩვენში მოახლოებულ არჩევნებს შეიძლება უკავშირდებოდეს, თუ გრძელვადიან რუსულ-ქართულ და ქართულ აფხაზურ ურთიერთობებს?
– მე მგონი ეს ახლა უფრო მოახლოებულ არჩევნებს, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ არჩევნებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, რუსეთს კავკასიაში გრძელვადიანი გათვლები აქვს, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები ჩვენთან და აფხაზეთშიც, რუსეთი შემდეგ გადაალაგებს და თბილისთან და სოხუმთან გრძელვადიან სტრატეგიას შექმნის. ამ ფონზე რუსეთს უადვილდება ორივეს მიმართ საერთო სტრატეგია ჩამოაყალიბოს.
მე მგონი მოსკოვი თბილისთან და სოხუმთან მიმართებაში პოზიციებს მომავალი წლის აპრილ-მაისში ჩამოაყალიბებს და განსაზღვრავს თავის პოლიტიკას საქართველოსთან, რომელიც მუდმივად გრძელვადიანია და მუდმივი. ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინა-რუსეთის ბრძოლის ველზე და როგორი დამოკიდებულება ექნება მას დასავლეთთან.
მოსკოვი თბილისთან და სოხუმთან მიმართებაში პოზიციებს მომავალი წლის აპრილ-მაისში ჩამოაყალიბებს და განსაზღვრავს თავის პოლიტიკას საქართველოსთან, რომელიც მუდმივად გრძელვადიანია და მუდმივი. ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინა-რუსეთის ბრძოლის ველზე და როგორი დამოკიდებულება ექნება მას დასავლეთთან
ჯერჯერობით, ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა. გაურკვეველი სიტუაციაა საქართველოშიც. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მას ისედაც გარკვეული აქვს ბევრი რამ. ნებისმიერ შემთხვევაში აფხაზეთში შემდეგი პრეზიდენტიც პრორუსული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში საქმე ისაა, რამდენად იქნება მზად აფხაზეთის შემდეგი პრეზიდენტი აფხაზი ხალხის წინააღმდეგ გაატაროს პოლიტიკა. ის, რომ ისინი ანტირუსები არ იქნებიან, ეს ცხადია.
– არჩევნების მოახლოების კვალობაზე ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში იგრძნობა ოპტიმიზმი იმაზე, რომ საქართველო რუსეთის დახმარებით მალე დაიბრუნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
ამ თემაზე ხელისუფლება მხოლოდ ფრთხილ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ, ფაქტია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეები ამ თემაზე ოპტიმისტურ განწყობას ქმნიან.
სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ამ საკითხზე საზოგადოების ერთი ნაწილის ოპტიმიზმი?
– ამგვარი ოპტიმიზმი უსაფუძვლოა, მაგრამ არის ხელისუფლების პროპაგანდისტული და პოპულისტური პოლიტიკის ნაწილი. ერთადერთი ოფოციალური განცხადება, საქართველოს მხრიდან, რომელიც ამ თემაზე გაკეთდა და არის მკაფიო, არის პრემიერ ირაკლი კობახიძის ნათქვამი იმაზე, რომ 2030 წელს ერთიანი საქართველო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან ერთად შევა ევროკავშირში. რუსეთი აქ ნახსენები არაა, არც კონფედერაცია არ არის ნახსენები.
ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად ბოდვითი და აბსურდული განცხადებაა, რადგან მას არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან, რადგან მოლდავეთი ყველაფერს ასრულებს და 2030 წელს რომ ვერ მოხვდება ევროკავშირში, ამის შესახებ ორი დღის წინ ღიად ითქვა. ეს იყო ხელისუფლების ერთადერთი ოფიციალური განცხადება, დანარჩენი საუბრები ამ თემაზე, ექსპერტების მსჯელობა ამ თემაზე არის შედეგი იმ პროცესებზე რეაგირება, რაც სოხუმიდან, ან მოსკოვიდან მოდის.
სამწუხაროა, ის რომ იდეები, რაზეც ჩვენ აქ ვრეაგირებთ, ყალიბდება საქართველოს გარეთ, ან მოსკოვში, ან სოხუმში, ან ცხინვალში. შესაძლოა, ამ საქმეში ზოგიერთმა უცხოელმა ექსპერტმაც მიიღოს მონაწილეობა. მოკლედ, საეჭვო ნიადაგზე აღმოცენებულ იდეებზე ვახდენთ ჩვენ რეაგირებას.
სამწუხაროდ, ამ თემაზე ჩვენთან არ საუბრობენ საჯაროდ. ერთადერთი საჯაროდ რაც გაიჟღერა, იყო ვოლსკის შეხვედრა კაფეში რუს ბიზნესმენ ხიდაშელთან. ხიდაშელს მაშინ წამოსცდა სიტყვა კონფედერაცია, რაც ვოლსკის ეს იდეა დიდი სიხარულით არ მიუღია და ამ იდეისგან დისტანცირება მოახდინა. სხვა რამ ქართველი პოლიტიკოსებისაგან არაფერი თქმულა. გარდა იმისა, რომ ივანიშვილი ჰიპოთეზურად საუბროს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ხელისუფლებას ახლა ხმები სჭირდება და არა კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარი.
ამიტომ იყო, რომ ხელისუფლებამ მოიგონა საუბრები ეკლესიაზე, ლგბტ საზოგადოებაზე, ოჯახის სიწმინდეზე, „ნაცმოძრაობის“ დამარხვაზე და ასე შემდეგ. მათ შორისაა საზოგადოებაში ინერციით გააქტიურებული საუბრები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.
– ვიდრე უკრაინა-რუსეთის ომი არ დასრულდება, ვიდრე არ გაირკვევა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები როგორი იქნება, მანამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის თემაზე საუბარი მთლად გონივრულად არ გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ამ თემების აქტუალიზაცია მაინც ხდება და თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
– ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, პროპაგანდისტული და პოპულისტური, რომ თემა არ დაიკარგოს და ამით იყოს სპეკულირება. გეთანხმებით იმაში, რომ ვიდრე უკრაინა-რუსეთისა და დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები არ გაირკვევა, ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური კონფლიქტები წინ ვერანაირად ვერ წაიწევს. ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ, წინა არაფერი არ უდგას იმას, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსებმა ამაზე ილაპარაკონ.
ვიდრე უკრაინა-რუსეთისა და დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები არ გაირკვევა, ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური კონფლიქტები წინ ვერანაირად ვერ წაიწევს
ახლა, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება ნადირობს ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე. ვინც ასეთია, მათ უჭირთ რეალობის აღქმა, იოლია მათი მანიპულირება და მართვა. ამიტომ პოლიტიკოსებს, და ეს საკმაოდ ბევრს ეხება, არ რცხვენიათ ტერიტორიული მთლიანობის თემებით სპეკულირება და მანიპულაცია. ამით ის ხალხია დაკავებული, ახლა რომ აღარ ახსოვთ, რომ „გარეჯი საქართველოა“. ამ თემებით მანიპულირება „გარეჯი საქართველოს“ მეორე სერიაა.
ასეთი განწყობების შექმნა ყველა არჩევნების წინ ადრეც ყოფილა. მაგრამ, ვიმეორებ, ვიდრე რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ცხადი არ გახდება, მანამდე ჩვენი კონფლიქტების საკითხი ვერანაირად ვერ დაიძვრება.
თუ რუსეთი აღწევს თავის მიზნებს, ასეთ შემთხვევაში პროცესები კიდევ სხვა სცენარით შეიძლება განვითარდეს. ვიდრე უკრაინის ომის არ დასრულდება კონფლიქტების თემაზე ბევრი გვექნება დემაგოგია და პოპულიზმი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი