ინფორმაცია, რომელიც დღეს გახდა ცნობილი ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით და განაჩენი, რომელიც დადგა მის მიმართ წლების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, – ამის შესახებ პარტია „ ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.
როგორც დავითაია აღნიშნავს, ამდენი წლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ განაჩენის საკითხის დაყენება საქმეზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაჭიანურებული, კატეგორიულად მიუღებელია და შესაძლოა, შეფასდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების მანიპულაციად.
„წარდგენილ ბრალდებაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დადანაშაულება და გენერალური პროკურორის გამართლება იმ პირობებში, როდესაც პროკურატურა კურირებდა ამ საქმეს, ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს და აღიქმება ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ დევნად, რაც დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – აცხადებს პაატა დავითაია.




