რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესი, სასტიკი ძალადობრივი ანგარიშსწორება მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე, აჩვენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები გასული არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი ქმედებები კვალიფიცირდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულები, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ დანაშაულებს სჩადიან ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ განმასხვავებელი და ამომცნობი ნიშნები, შეუძლებელია, რაც ასევე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი მმართველ პარტიას ძალის გამოყენების შეწყვეტისა და დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„როდესაც უმოწყალოდ უსწორდებიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, არა თუ პროტესტის გამოხატვის, არამედ გადაადგილების მომენტშიც, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ამ დანაშაულებს სჩადიან ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ განმასხვავებელი და ამომცნობი ნიშნები, შეუძლებელია, რაც ასევე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინც ასეთი არაადამიანური სისასტიკის პირობებში დაზარალდა. პროცესი, რომელზეც პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, უკიდურესად ამწვავებს დაპირისპირებას საზოგადოებაში, აღწევს სახიფათო ნიშნულს, რაც შესაძლოა ძალიან ცუდად დამთავრდეს ჩვენი ქვეყნისთვის.
გასული 24 საათის განმავლობაში ინტენსიური კავშირი გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან როგორც ევროკომისიაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ ოპერატიულად მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რაც ვითარდებოდა თბილისში. გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ უახლოეს პერიოდში ვიხილავთ მკვეთრ ქმედებებს ჩვენი პარტნიორების, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, სანქციებს იმ ადამიანების მიმართ ვინც დღეს დანაშაულებს სჩადის.
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე განმუხტოს სიტუაცია, შეწყვიტოს ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე და გადადგეს დემოკრატიული ნაბიჯები. ჩაკეტვის და იზოლაციის პოლიტიკა, რასაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ მიგვიყვანს უმძიმეს კრიზისამდე, რომელიც დააზიანებს ქვეყანას და მივიღებთ ისეთ რთულ მდგომარეობას, საიდან გამოსვლასაც ათეული წლები დასჭირდება.
მოვუწოდებ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, არ შეასრულონ უკანონო ძალადობრივი ბრძანებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.




