პაატა დავითაია – „მოსკოვის მექანიზმმა“ თუ დაიწყო მუშაობა, უკვე კატასტროფაა – ეს ნაბიჯიც რომ გადადგან და ორგანიზაცია დატოვონ, ჰააგის პროკურატურას თავს ვერ დააღწევენ

„მოსკოვის მექანიზმმა“ თუ დაიწყო მუშაობა, უკვე კატასტროფაა – ეს არის საბრალდებო დასკვნა იმ ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც მექანიზმი ამუშავდა, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

პაატა დავითაიას თქმით, ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაშიც კი პასუხისგებაში მიცემული ხელისუფლების წარმომადგენლები ჰააგის პროკურატურას თავს ვერ დააღწევენ.

„ეს ნაბიჯიც რომ გადადგან, ორგანიზაცია დატოვონ, ჰააგის პროკურატურას თავს ვერ დააღწევენ. ეს ძალიან პრინციპული საკითხია.

„მოსკოვის მექანიზმი“ არის საბრალდებო დასკვნა იმ ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც მექანიზმი ამუშავდება. ეს არის პოლიტიკური ბერკეტი. 17-ჯერ იყო გამოყენებული და მილოშევიჩს რა დაემართა ვნახეთ, მაგრამ სხვა შემთხვევებში იყო პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტები. საქართველოს ჰქონდა უფლება, რომ ყოფილიყო როგორც ექსპერტი წარმოდგენილი ამ ჯგუფში, მაგრამ უარი თქვეს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

პაატა დავითაიას მტკიცებით, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი კომისიის დასკვნა უკვე იმყოფება ჰააგის პროკურორის ოფისში.

„ამას ერთპიროვნულად წყვეტს მთავარი პროკურორი და მისი ოფისი. უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, ეს საექსპერტო დასკვნა იმყოფება მთავარი პროკურორის ოფისში. დადასტურებულად შემიძლია თქმა იმიტომ, რომ ეს არის გაწერილი რეკომენდაციებში და ის ვალდებულია ჩახედოს.

ერთპიროვნულად წყვეტს პროკურორი და ასევე შეიძლება მიმართოს ქვეყანამ, რომელიც არის ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მხარდამჭერი და რომის სტატუტის წევრი. ახლავე შეიძლება გითხრათ, რომ შეიძლება მიმდინარეობდეს კონსულტაციები, რადგან საექსპერტო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ერთ საათში გაკეთდა ეუთოს განცხადება, რომ ის უჭერს მხარს დასკვნას“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.