შემიძლია ვთქვა, რომ მგალობლიშვილი სტრუქტურისთვის ფუნქციების შეძენას ცდილობდა, ეს ფუნქციები, როგორც ჩანს, არ აწყობთ – აფხაზეთის მთავრობას დღეს არანაირი სისტემური ჩამოყალიბება და პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. ვინც კი ამ პოლიტიკურ დატვირთვას შეეცდება, ეტყობა ეშინიათ. მეორე თემაა, რომ კი არ ეშინიათ, არც უნდათ აფხაზეთის თემისკენ ვიღაც იყურებოდეს და რაღაცას აკეთებდეს,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, დღის ნიუსრუმში განაცხადა, რითაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობიდან, ლევან მგალობლიშვილის წასვლას გამოეხმაურა.
დავითაიას შეფასებით, „ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი სწრაფი ცვლილებები ხორციელდება აფხაზეთის მიმართულებით“.
„ამას ხომ აფხაზებიც უყურებენ. ხედავენ, რომ იმ მთავრობაში, სადაც, მხოლოდ და მხოლოდ, ქართველები არიან და ლეგიტიმური მთავრობაა, იქ ყოველთვის არის რაღაც პრობლემები. პრობლემებია იმ თვალსაზრისით, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არავინ იღებს იმ კუთხით, რომ ცვლილებებია. აფხაზეთის მთავრობაზე მანდარინის გეგმა და ჩაის გეგმა ჩასაბარებელი არ აქვთ. მათი მთავარი თემა არის ილაპარაკონ იმ უფლებებზე და დარღვევებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა; იმ საფრთხეებზე, რაც იქ არის და სხვა მოქმედებებზე. ცალსახად ჩანს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამ კუთხით არ კეთდება აქცენტი და ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები შეზღუდულები არიან გარკვეული განცხადებებისგან. ნებისმიერი თემა ავიღოთ აფხაზეთის. მე ვიქნები თუ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ისინი უფრო საუბრობენ და დღის წესრიგში აყენებენ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია. ლეგიტიმური მთავრობა კი დუმს, იმიტომ, რომ სოციალურ პაკეტზეა მიბმული. მხოლოდ და მხოლოდ, [ის, რომ] ხელფასების თემა და რაღაც თავიანთი იყოს დაკმაყოფილებული.
მე რაც კულუარული ინფორმაცია მაქვს, არა დაზუსტებული ინფორმაცია, მგალობლიშვილი შეეცადა გარკვეული ცვლილებების განხორციელებას ამ მიმართულებით და ვთქვათ, სისტემის შექმნას, რაც გამოიწვევდა გარკვეულ ცვლილებებს. საუბარია არამარტო საკადრო ცვლილებებზე, არამედ იმ მიდგომებზეც, რასაც მთავრობის როლის გაძლიერება ჰქვია. ეტყობა, ვიღაცას ეს არ მოეწონა, რბილად რომ ვთქვა და სამსახურიდან წავიდა“,- აღნიშნა დავითაიამ.
დავითაიას თქმით, „ეს შეიძლება სახელმწიფო კურსს არ მოსწონებოდა“.
ამასთან, როგორც დავითაიამ აღნიშნა, თუ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია დაინიშნება, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიძეა, ეს კობახიძეს დააზიანებს.
„დავით ფაცაცია მგალობლიშვილის შემცვლელი ვერ იქნება. იმიტომ, რომ ეს უპირველესად, პრემიერ-მინისტრს დააზიანებს. თუ ამ გზით წავიდნენ, რა ვიცი, არაფერს გამოვრიცხავ, ავტოკრატიის ნიშნებია უკვე ქვეყანაში. ეს არ ჯდება არანაირ საკანონმდებლო თემებში. არ ვიცი, მათ შიგნით დაპირისპირება ჰქონდათ თუ არა, თუ რა თემებია ამ მიმართულებით. რაც ვიცი და შემიძლია ვთქვა ისაა, რომ მგალობლიშვილი სტრუქტურისთვის ფუნქციების შეძენას ცდილობდა. ეს ფუნქციები, როგორც ჩანს, არ აწყობთ. იქ არიან ადამიანები, რომლის წინააღმდეგაც მე გამოძიება მიწარმოებია და ბიუჯეტში უკან თანხები მოუტანიათ. დეპუტატებზე ვსაუბრობ, რომლებიც მუდმივი დეპუტატები არიან და ლორდთა პალატის წევრები არიან, ფაქტობრივად. დღეს, როდესაც ქვეყანა აზიანეს და როდესაც ბიუჯეტის ხვრით იყვნენ დაკავებულები, ის თანხები მოვატანინე უკან. მაგრამ დღეს აგრძელებენ, არაფერი განსხვავება არაა. დღეს უბრალოდ ლეგალურად ამას, სოციალური პაკეტის ფონი მიეცა. მთავარი განხილვის თემები აქვთ, ვის რა მანქანა უყიდონ და ვის რამდენი საწვავი ჩაუსხან. ეს არის რეალურად საუბარი უმაღლეს საბჭოზე. ეტყობა, ამათ გარკვეული ქმედებები, ცვლილებები არ აწყობდათ და შიდა ბრძოლებია ახლა. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ მთავარია სისტემა როგორ არის ჩამოყალიბებული. აფხაზეთის მთავრობას დღეს არანაირი სისტემური ჩამოყალიბება არ აქვს. არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. ვინც კი ამ პოლიტიკურ დატვირთვას შეეცდება, ეტყობა ეშინიათ. მეორე თემაა, კი არ ეშინიათ, არც უნდათ აფხაზეთის თემისკენ ვიღაც იყურებოდეს, რაღაცას აკეთებდეს“,- განაცხადა დავითაიამ.
ამასთან, დავითაია გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას განცხადებას, რომ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაიხსნება. დავითაიას თქმით, თუ ოჩამჩირის პორტში წყალქვეშა ნავები განლაგდა, ანაკლიის პორტი ვერ იმუშავებს.
„როდესაც იქ [აფხაზეთში] პარტიზანული მოძრაობა გაუქმდა, ამან ხელი შეუწყო სეპარატისტების გაძლიერებას. თუ მაგათ შიში ექნებოდათ, ეს ქმედებები არ იქნებოდა. სულ შიში რაღაც ქმედებების – აფეთქების, დაზიანების. მეორე თემაა, უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, არამარტო ელექტროსისტემებით, არამედ სხვა მიმართულებით. რა უნდა ილაპარაკოს საქართველომ ანაკლიის პორტზე, როდესაც ზუსტად ანაკლიის პორტიდან ოჩამჩირის პორტამდე ზღვით 20 კილომეტრია და იქ დადგება წყალქვეშა ნავი, რომელი გემი შემოვა? რომელი ინვესტორი დახარჯავს [თანხას], რომელსაც არანაირი გარანტია არ ექნება? ეს კატასტროფაა. ეს იყო დასავლელი პარტნიორების ჩართვა, ეს რომ იქ არ მომხდარიყო. ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ დროს, ჩვენ ნატო-ში შევაჩერეთ ჩვენი დელეგაცია. ყველა მიმართულებით დაპირისპირება გვაქვს და ამ ფონზე ძლიერდებიან. ხომ იძახიან ჩინეთი ჩინეთიო, ვინმემ მოიკითხოს აბა, ჩადეს ჩინელებმა ანაკლიის პორტში ფული? არ ჩაუდიათ, ეს თემა დამთავრებული არ არის. პორტი ვერ იმუშავებს, თუ იქ წყალქვეშა ნავები განლაგდა.
ახლა მეორე ავიღოთ, უკრაინამ დაარტყა ოჩამჩირის საზღვაო ბაზას და დაარტყამს, ამის სრული ლეგიტიმური უფლება აქვს. დარტყმა სად იქნება? საქართველოს ტერიტორიაზე. კი, ოკუპირებულია, მაგრამ დარტყმა იქნება საქართველოს ტერიტორიაზე. სარაკეტო დარტყმისას ხომ შეიძლება შეცდომა მოხდეს 5-3 კილომეტრით, ამის დიდი ალბათობაა. მერე? ფულს ამაზე ვინ დახარჯავს? გამორიცხული ამბავია ეს, ამიტომ ფერხდება ყველაფერი“,- განაცხადა დავითაიამ.
