როდესაც საუბარი არის სახელმწიფო ინტერესზე, რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შერიგებით ეგ თემა არასდროს მოგვარებულა. თბილი სიტყვით ტერიტორიები არავის დაუბრუნებია, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
დავითაიამ შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად “ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან.
დავითაიას თქმით, რუსეთის ფედერაციასთან, როგორც მხარესთან, მოლაპარაკება არის შეუძლებელი იმ აღიარების შემდეგ, რაც მან აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით მიიღო.
“რუსეთმა, რომელსაც გაეროს მანდატით სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობა ჰქონდა დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში, სამშვიდობო ძალები საოკუპაციო ძალებად გადააქცია. ის კონფლიქტში გამოდის, როგორც მხარე, ამიტომ ვერ იქნება მედიატორი და თავის “მედიაციაზე”, რომელსაც კახა კალაძე მიესალმა. ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ აპრიორი ეს ყველაფერი არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც ლახავს ქვეყნის სუვერენიტეტს, შეიცავს ანექსიის ნაწილებს, აქედან გამომდინარე, არა თუ მისალმება ამ განცხადების მიმართ, არამედ საერთოდ დადებითი გამოხმაურებაც უკვე დანაშაულის ტოლფასია.
რუსეთის ფედერაციასთან, როგორც მხარესთან, მოლაპარაკება არის შეუძლებელი იმ აღიარების შემდეგ, რაც მან აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით მიიღო.
დავაკვირდეთ ამ სიტყვათა წყობას, ლოგიკური დასკვნა რა გამოდის – შერიგება ორ სახელმწიფოს შორის – ჩვენთვის ასეთი ფორმით შერიგება მისაღებია? რა თქმა უნდა, არა, ეს ლახავს ქვეყნის სუვერენიტეტს. ის ფაქტიც, რომ ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ დღეს, უკვე პრობლემაა საზოგადოებისათვის. ამაზე მსჯელობაც არ უნდა იყოს. შერიგების წინააღმდეგი ვინმე კი არ არის, მეომრები რიგდებიან, ვინც ერთმანეთს ესვრის, მაგრამ როდესაც საუბარი არის სახელმწიფო ინტერესზე, რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შერიგებით ეგ თემა არასდროს მოგვარებულა. თბილი სიტყვით ტერიტორიები არავის დაუბრუნებია ჯერ, თუ არ იქნა გარკვეული ფაქტორები გამოყენებული. არ ვლაპარაკობ ომზე, ვლაპარაკობ პარტნიორებზე. სად ვართ დღეს, პარტნიორებს ვეომებით? არ ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი, დღეს, ფაქტობრივად, “ქართული ოცნება” უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ მათ კი არ უნდა ვეომოთ, ისინი არიან ჩვენი უსაფრთხოების გარანტორები რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში.
რუსეთის უკრაინასთან აგრესიის ფონზე ევროკავშირი თავდაცვითი ძალების შექმნას განიხილავს და ეს დაანონსებულია 2027-2028 წლისთვის. ევროკავშირს ეყოლება კომისარი, რომელიც თავდაცვის მინისტრივით იქნება. ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია აღმოვჩნდეთ დიდი ქოლგის ქვეშ. სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამიტომ არის, რომ დღეს გვიწევს ისეთ აბსურდზე მსჯელობა, როგორიც არის სერგეი ლავროვის განცხადება მედიაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.