იმ პოლიტიკური კრიზისის და დაძაბულობის ფონზე, რაც არის შექმნილი ქვეყანაში, ყურადღების მიღმა რჩება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთი უკვე ღიად არის ჩართული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ტარდება აფხაზეთში, რაზეც ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალური პირებისგან რეაგირება არ ისმის – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
როგორც “ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ აღნიშნა, რუსეთი აგრძელებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს და უკვე ღიად ჩაერთო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება აფხაზეთში.
„ამაზე მეტყველებს ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი გუნბას ვიზიტი მოსკოვში და მისი შეხვედრები სერგეი ლავროვთან და ტრანსპორტის მინისტრთან რომან სტაროვოიტთან.
ამ შეხვედრებამდე ცოტა ხნით ადრე სოხუმში იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც გავლენიანი ჩინოვნიკია კრემლში და ახალ კურატორად ითვლება აფხაზეთში. ის კარგად იცნობს აფხაზეთს, რადგან მე-7 კლასამდე სწავლობდა და ცხოვრობდა აფხაზეთში. კირიენკომ დაათვალიერა სოხუმის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ხორციელდება სწრაფ რეჟიმში, რადგან მისი გახსნა დაგეგმილია 1-ელი მაისისთვის. რუსები მორიგ ჯერზე დაჰპირდნენ აფხაზებს, რომ ისინი გააღრმავებენ მათთან თანამშრომლობას ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული და სხვა მიმართულებებით.
მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, ასევე „ქართულ ოცნებას“, აუცილებელია რეაგირება იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს აფხაზეთში, რომლის საბოლოო მიზანი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაა.
პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატები“ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მუდმივად კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, საერთაშორისო არენაზე წარმოჩინდეს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ანექსიის პროცესი“, – აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.