პაატა ბურჭულაძის სიტყვა სასამართლოში

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე სასამართლო პროცესზე ვრცელი სიტყვით წარდგა.
„ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ ბურჭულაძის სიტყვას:
„პირველად მეძლევა საშუალება, ჩემი დაკავების შემდგომ გესაუბროთ. „ოცნებას“ ყოველთვის აღიზიანებდა ტერმინი „მშვიდობიანი დამხობა“. ჩვენი გასამართლების მიზეზიც სწორედ ეს არის. უნდათ, რომ ეს ფრაზა მონათლონ, როგორც ძალადობრივი მოქმედება და მე დღეს მინდა გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მშვიდობიანი დამხობა შედგა 4 ოქტომბერს. შედგა დიდი წარმატებით, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ ეროვნულ კრებაზე.
ყველამ კარგად იცის, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად გადავირჩიეთ და დავამხეთ უკანონო ხელისუფლება, რუსი ოლიგარქის არალეგიტიმური რეჟიმი. ხოლო პასუხი იმისთვის, რაც მოხდა ათონელის რეზიდენციაში, გთხოვთ, მოჰკითხოთ ე.წ. მთავრობას.
დაფიქრებულხართ, რომ როცა საუბარია 4 ოქტომბერზე, ე. წ. ხელისუფლება მხოლოდ ათონელის სასახლესთან არშემდგარ რევოლუციაზე საუბრობს და არც ერთხელ არ ახსენებს, რა მოხდა თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირის მთელს ტერიტორიაზე? ეს იმიტომ, რომ ჩვენს ასიათასობით სახალხო შეკრებაზე გაფორმდა დიქტატურის („ოცნების“) აბსოლუტური კრახი და იქ მათ ვერ მოახერხეს პროვოკაცია. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მოწოდება იყო ძალადობისკენ. 4 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ვიყავით მიწვეული ეროვნულ კრებაზე. ასე ცხადდებოდა ტელეეთერებიდან და ასე ეწერა მოსაწვევებზე, რომელსაც ჰქონდა ჩემი ხელმოწერა. ჩემი კარიერაც და ცხოვრებაც საჯაროა. ყველამ იცის ჩემი სამოქალაქო პოზიციაც, ჩემი საქმიანობაც, ჩემი შემოქმედებაც. მთელი ცხოვრება ქვეყნისთვის სამსახურს ვეწეოდი — სცენიდან, ქველმოქმედებით თუ საზოგადოებრივი საქმიანობით. ახლა წამიყენეს აბსურდული ბრალდებები, რომ თითქოს მე ძალადობისკენ მოვუწოდებდი ხალხს. ყველასთვის ნათელია თუ რისთვის კეთდება ეს — „ოცნება“ ცდილობს, პატრიოტიზმი გამოაცხადოს კრიმინალად, ხოლო მათი ქცევა, ანუ, სამშობლოს ღალატი — გმირობად.
4 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში შედგა ეროვნული კრება ქართველი ხალხის დამსახურებით. ეს ნამდვილად იყო შეკრება, სადაც მისმა უდიდებულესობამ, ქართველმა ხალხმა, გამოხატა საკუთარი ნება, რომ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია. 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა უპრეცედენტოდ ბევრი, 250 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს, არათუ ქალაქებიდან და რაიონებიდან, არამედ თითქმის ყველა სოფლიდან იყო წარმომადგენელი, მათ შორის, დან (გალის რაიონი) და სამაჩაბლოდან. ასევე იყო უამრავი ემიგრანტი, ისინი, სპეციალურად, ამ დღისთვის ჩამოვიდნენ. ასევე, კრებას ესწრებოდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.
ბევრ თქვენგანს დასწყდა გული, რომ ბოლომდე ვერ მივაღწიეთ მიზანს, მათ შორის მეც. ათონელის სასახლესთან, ვიცით, რა პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე დღეს ვერ ვისაუბრებ ზუსტად მომხდარზე, რადგან დაკავების შემდგომ მოწყვეტილი ვარ გარესამყაროს, შესაბამისად — მოკლებული სრულფასოვან ინფორმაციას, მაგრამ ამის გარკვევის დრო მალე დადგება. თუმცა, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ მიღწეულით, ჩვენი ერთობით, ენთუზიაზმით და პატრიოტიზმით. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც ოლიგარქიის ბანდამ ვერ შეძლო და ვერც შეძლებს, შვიდივე მილიარდი დოლარიც რომ დახარჯოს. ამიტომაც, დაიმახსოვრეთ, რომ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების შემდგომ, ჩვენ კი არ ვებრძვით არალეგიტიმურ მთავრობას, არამედ უზურპატორის ბანდა ებრძვის ხელისუფლებაში მყოფ საქართველოს ხალხს.
დეკლარაცია: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე, ვაცხადებთ: ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე. წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს, ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. რუსი ოლიგარქის (ს) არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვისა და თითოეული მოქალაქისათვის. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაყენებთ 3 საკითხს:
· ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს;
· ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე. წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის გაყალბებული სა და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია;
· ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანობის დაცვას.”
პასუხი უნდა აგონ მოღალატეებმა, ნაცვლად იმ უდანაშაულო ადამიანებისა, ბავშვებისა, ვისაც ქუჩებიდან, სახლებიდან, ოჯახებიდან იტაცებენ. ისინი თავად ბოროტებას ემსახურებიან ჩრდილიდან, დევნის, დაშინების და დამორჩილების გზით. სწორედ ამ დამნაშავეების სია იყო ის, რაც სცენიდან იქნა წაკითხული და რის გამოც ჩვენ საპყრობილეში აღმოვჩნდით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონისა და ქართველი ხალხის წინაშე. ქართველი ხალხის გეგმა იყო ათონელის ქუჩაზეც გაგვემართა მშვიდობიანი მიტინგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ როგორც კრების დელეგატები, ასევე, დიდი ალბათობით, ველოდებოდით, სამართალდამცველებსაც და, შემდგომ, უამრავი ადამიანი მოვითხოვდით პრეზიდენტის სასახლის გასაღების გადმოცემას, რაც უეჭველად მშვიდობიანად მოხდებოდა, რომ არა ის პროვოკაცია, რაც მოაწყო „ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შედეგად კი უამრავი უდანაშაულო ადამიანია დაკავებული.
ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს. აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება! 4 ოქტომბერს ჩემი წარმოთქმული სიტყვა არ შეიცავდა ძალადობის ან ძალადობისკენ მოწოდების ნასახსაც კი. ამის დასტურია ის რომ ჩვენ ყველანი იქ ვიყავით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გამოხატვას, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. ჩემი მიზანი იყო ის, რაც ჩემი მიზანია დღესაც — საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამყარება, ხელისუფლების ცვლილება, ქართველი ხალხისგან მოტაცებული, წართმეული უფლებებისა და უფლებამოსილებების ხალხისთვის დაბრუნება.
4 ოქტომბერი — ეს დღე ჩავარდნის დღე კი არ არის, არამედ ერთიანობის, საზოგადოების მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად, ლეგიტიმურად ხელში აღების, გასაჭირში ერთად დგომის დღეა. ეს არის გამარჯვების დღე ბოროტებაზე. დააკვირდით, ძალიან უცნაურია, რომ არავის გვინახავს, პროტესტის ისტორიაში პირველად, დრონის სრულყოფილი კადრი, თუ რამდენი ადამიანი ესწრებოდა სახალხო კრებას. ხალხის რაოდენობის პიკი იყო დაახლოებით 19:00 საათზე და ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 250 000 ადამიანი; თუმცა შემდგომაც უამრავი ადამიანი გვიერთდებოდა. ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დღეს საეჭვოდ „დაიკარგა” დრონები. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებმა ჩამოაგდეს სამი მედიასაშუალების დრონი: ნეტგაზეთის, პროექტი 64-ისა და გამოცემისა “მაუწყებელი”. აქედან ნაპოვნია მხოლოდ 1 დრონი და მას ამოცლილი ჰქონდა მეხსიერების ბარათი. ზემოაღნიშნულ საკითხზე ობიექტური სტატია გამოაქვეყნა „რადიო თავისუფლებამ“ და კარგი იქნება თუ მას საზოგადოება გაეცნობა.
უზურპატორი პარტიის მიზანი იყო, რომ არ დაგვენახა რეალური სურათი, არ დაგვენახა ერთმანეთი, რადგან ვიყავით ძალიან ბევრნი. ეს იყო მაქსიმუმი რაც შეძლო ხუნტამ, რომ ხელი შეეშალა ეროვნული კრებისთვის. მათ ასვე აურიეს ნავიგაციის სისტემა — რუსთაველის გამზირს აჩვენებდა, როგორც თბილისის აეროპორტს და პირიქით. ეს, სავარაუდოდ, არამარტო ხალხის შეკრების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დივერსიაა, რომელსაც, აუცილებლად, მომავალში უნდა გაეცეს პასუხი. ქუჩაში იმაზე მეტი ხალხი იდგა, ვიდრე რუსულ სპეცოპერაციაზე, ე. წ. არჩევნებზე მივიდა. ოთხმა ოქტომბერმა დაგვარწმუნა, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვხედავთ ჩვენს ძლიერებას — საქართველოს ძლიერებას.
ძლიერება ხალხშია, თავისუფალ ადამიანებში და არა იარაღში, ხელკეტებში ან წიწაკის სპრეის რაოდენობაში. ამ დღეს საქართველოს ე. წ. მთავრობის არალეგიტიმურობა გაფორმდა და ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა, ძალაუფლების წყარომ. 4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება არა როგორც „ოცნების“ ე. წ. ს დღე, არამედ, რეალურად, მათი „გადარჩევნების“ დღე. ზოგიერთი გაყიდული ან უგუნური პოლიტიკოსი ცდილობს ამ დღის დაკნინებას. რეალურად კი, ჩვენ დავინახეთ, რომ გვყავს უამრავი პატრიოტი, გულანთებული ადამიანი. სამწუხაროდ, მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია. ვთხოვ ყველა მონაწილეს, როგორც კი ოლიგარქის მონები ათონელის პროვოკაციას მოიხსენიებენ არშემდგარ რევოლუციად, ყოველთვის ვუპასუხოთ, რომ მთავარი მოვლენა ამ დღეს იყო ის, რაც მოხდა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, სადაც ქართველმა ხალხმა ქოცები ხელისულფებიდან გადააყენა, საკადრისად უპასუხა მათ არალეგიტიმურობას.
ვიმეორებ, 4 ოქტომბრამდე ჩვენ ვაპროტესტებდით მათ არალეგიტიმურობას, სისასტიკეს, უკანონობას, ხოლო სახალხო კრების შემდეგ, უკვე ლეგიტიმურ ხალხის ხელისუფლებას ებრძვის ავაზაკთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ პოლიციის მოძალადე ნაწილის მეშვეობით არსებობს. 4 ოქტომბერს მხოლოდ აქცია კი არ გაიმართა, არამედ გაიმართა საქართველოს ეროვნული კრება და ყველასთვის საამაყოა, ვინც მიიღო ამ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა, სადაც საქართველოს ხმა მკაფიოდ გაისმა: თავისუფლება საქართველოს არჩევანია და თავისუფლება საქართველოს ბედისწერაა!
და, ბოლოს: მე არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ფეხქვეშ გათელილი რამდენიმე უფლება ჩამოვთვალე. აქვე უნდა დავამატო, რომ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. მე არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, რატომ არის ეს ასე. ეს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. უბრალოდ, მინდა, გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მე მესმის თქვენი მდგომარეობა და მე გპატიობთ. – ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო ქართველებო, ვამაყობ რომ ვარ ერთ-ერთი თქვენგანი.
28 ნოემბერს და ყოველთვის როცა საჭირო იქნება ყველა რუსთაველზე; ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებამდე — ბოლომდე“.