დილის 04:00 საათზე, ჩვენ დავდებთ ფიცს. ძალიან დიდი მოთხოვნაა რუსთაველზე, რომ დაიდოს ფიცი – ფიცი გვაძლევს იმის რწმენას, რომ ერთმანეთს არ ვუღალატოთ , – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც 8 აპრილს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, მოქალაქეები 22:00 საათზე შეიკრიბებიან, ხოლო 00:00 საათზე იქნება სიტყვით გამოსვლები.
„8 აპრილს, 22:00 საათისთვის შევიკრიბოთ. მაშინ, როდესაც 00:00 საათი გახდება, გვექნება მიკროფონი, იქნება სიტყვით გამოსვლები, ასე მივალთ დილის 04:00 საათამდე.
04:00 საათი არის ის დრო, როდესაც როდიონოვის ჯარი შემოიჭრა და დახოცა ჩვენი თანამემამულენი, ამ დროს, ზუსტად 04:00 საათზე დარეკავს ქაშვეთის ზარები. საპატრიარქო არის ჩვენთან ერთად, უწმინდესმა მოგვცა კურთხევა. ზარებს მოჰყვება ის, რომ სასულიერო პირი ჩაატარებს პანაშვიდს გარდაცვლილი სულებისთვის. ჩვენ ყველანი ერთად ვიგალობებთ. ყველას მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი მგალობლები შემოგვიერთდით.
ჩვენ ყურადღების ცენტრში გვეყოლება სინდის პატიმრების მშობლები, რომლებიც გამოვლენ და წაიკითხავენ წერილებს თუ რა მოგვწერეს ჩვენმა ბიჭებმა ციხიდან. დილის 04:00 საათზე, ჩვენ დავდებთ ფიცს. ძალიან დიდი მოთხოვნაა რუსთაველზე, რომ დაიდოს ფიცი. ფიცი უკვე დაწერილია, ჩვენ უკვე ვიცით შინაარსი. ფიცი ერთობლივად დაიწერა, მაგრამ თავში ედგა რატი ამაღლობელი. ფიცი გვაძლევს იმის რწმენას, რომ ერთმანეთს არ ვუღალატოთ. პირობას ვდებთ, რომ ჩვენს საქართველოს მომავალს არ ვუღალატებთ, არ ვუღალატებთ სინდისის პატიმრების მშობლებს, ნათესავებს, დებს და ძმებს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
კითხვაზე, რატომ გახდა ფიცის ელემენტის შემოღება საჭირო და რისი დასტურია, ამაზე ბურჭულაძემ უპასუხა, რომ ფიცის დადებით უფრო ადამიანი შემოემატება პროტესტს.
„ახლა ჩვენ ფინალურ ბრძოლაში ვართ, რუბიკონი გადალახულია, „ოცნების“ საქმე დაბლა ეშვება, ჩვენ წინ მივდივართ, ახლა საჭიროა შემართება. ამ ფიცით ჩვენ უფრო შემოგვემატება ხალხი“,- განაცხადა ბურჭულაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ხვალ შეიძლება „დაიბადოს პოლიტიკური მოძრაობა“.
„ხვალ გამოჩნდება რა ძალა გვაქვს. ხვალინდელი დღე გვეტყვის, რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ. მომავალში პროტესტს კი არ ვგეგმავთ, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რისი დაგეგმვის ძალა გვაქვს. საზოგადოებრივი მოძრაობა უკვე არსებობს, შეიძლება დაიბადოს პოლიტიკური მოძრაობა“,- განაცხადა ბურჭულაძემ.
კითხვაზე, აპირებენ თუ არა პოლიტიკოსები ოპოზიციური პარტიებიდან შეუერთდნენ ხვალინდელ 24 – საათიან აქციას, ბურჭულაძე პასუხობს, რომ ვინც თავს ღირსად ჩათვლის , უნდა მივიდეს.
„არ მგონია, რომ ეს ისეთი თარიღია, ვინმე უნდა მოიწვიო. ვისაც უნდა, მოვიდეს. ვინც ღირსია, რომ მოვიდეს და ყვავილი დადოს, ის უნდა მოვიდეს. ვნახავთ, ვინ ჩათვლის თავის თავს ღირსად, რომ მოვიდეს იქ, ეს ძალიან საინტერესოა“, – აღნიშნა მან.
ბურჭულაძის თქმით, თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც მივლენ, „ ხალხი იქ თავის რეაგირებას მოახდენს“.
„ვნახოთ ხალხი იქ თავის რეაგირებას მოახდენს. მშობლებმა გამოაცხადეს, თუ რა იქნება მათი რეაგირება, თუ ისინი მოვლენ.
თუ კობახიძე ფიქრობს, რომ ის ღირსია, რომ მოვიდეს და ყვავილი დადოს, მოვიდეს. თუ მურუსიძე, „ხარება“ ფიქრობენ, რომ ღირსები არიან, მოვიდნენ, რატომ არა?! დადონ ყვავილები, ვნახოთ რა მოხდება“,- დაამატა ბურჭულაძემ.
გარდა ამისა, ბურჭულაძემ 31 მარტის აქციაზე და მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, როდესაც „ამხელა აქციას აანონსებ, რაღაც სათქმელი უნდა გქონდეს“.
„ჩვენ ყველანი ველოდებით თუ როდის გაერთიანდება ოპოზიცია, ერთ პარტიად კი არა – როგორ გააერთიანებენ თავიანთ მხედველობას, იგრძნობენ რომ ერთად უნდა იყვნენ. არ მოხდა ეს ამბავი, ეს იყო ჩემი უკმაყოფილება. ჩემი უკმაყოფილება მდგომარეობას იმაში, რომ გაერთიანება ვერ შედგა.
სალომე ზურაბიშვილთან მე სულ სხვა პრეტენზია მაქვს: როდესაც ამხელა აქციას აანონსებ და მოდის 100 000 ადამიანი, რაღაც სათქმელი უნდა გქონდეს. არ შეიძლება ხალხს დაუძახო როგორც 31 მარტს სიტყვით გამოსვლისას, სადაც თქვა, რომ რაღაც პლატფორმას შექმნის, რომელიც მომავალში რაღაცას გააკეთებს და შეიძლება, კარგი შედეგები მოჰყვეს. ამიტომ დაუძახა 100 000 ადამიანს. ვერ წარმოიდგენთ რა იყო რუსთაველზე, მე რატომ ავვარდი სცენაზე. ნადიმ ხმალაძე სცენაზე უკვე იყო. სცენაზე იმიტომ ავვარდი, რომ ვიგრძენი თუ ეს ხალხი წავიდა სახლში, აღარ დაბრუნდებიან, ამიტომ მოხდა ეს ამბავი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
კითხვაზე, რა უნდა ექნა სალომე ზურაბიშვილს, ბურჭულაძე ასე პასუხობს: „თუ სათქმელი არ ჰქონდა არაფერი, ეს აქცია არ უნდა დაეანონსებინა“
„სალომე ზურაბიშვილს აქვს გადასარევი მხარე, ეს არის საზღვარგარეთ მისი ვოიაჟები. ამან ჩვენ ძალიან კარგი რამ გაგვიკეთა, მაგრამ ქვეყნის შიგნით ხალხის გულის გატეხა არ შეიძლება. დაუძახა ხალხს მოდითო და მერე წადითო, მეტი არაფერი მინდაო და გამორთო მიკროფონი. ეს არ შეიძლება. ის არის ერთადერთი ლეგიტიმური პიროვნება, პრეზიდენტი. მისი ლეგიტიმაციაც არ იქნებოდა, რომ არ იყოს რუსთაველის აქციები. ოპოზიცია არაფერ შუაშია, მან დააანონსა 31 მარტი, ეს არის მისი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ბურჭულაძემ.
