4 ოქტომბერს ჩვენ არ დავარღვევთ კანონს, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება ეროვნული კრება და აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ 4 ოქტომბრისთვის დედაქალაქში ოთხი სცენის დადგმაზე უარი უთხრა.
ბრიფინგზე ბურჭულაძემ ისაუბრა მისი სახელით თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შესულ წერილსა და მერიის პასუხთან დაკავშირებით.
„მოგეხსენებათ, 4 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში ტარდება ეროვნული კრება. ჩვენ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, როგორც კანონშია, მივმართეთ მერიას. არ ვიყავით ვალდებული, მოგვეთხოვა ნებართვა, მაგრამ შევატყობინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ატარებს ეროვნულ კრებას და გვინდა, რომ ოთხი სცენა დაიდგას. ეს ჩვენ შევასრულეთ კანონიერად, მაგრამ მივიღეთ დღეს ისეთი პასუხი, რომ ძალიან ბევრნი ნუ შეიკრიბებით და ერთი სცენა დადგითო. ვციტირებ, რა წერია ამ განცხადებაში: „ჩვენი კრება ერთდროულად თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის ცენტრალური უბნების სატრანსპორტო პარალიზებას და რიგი ორგანიზაციების თუ დაწესებულების მუშაობას შეაფერხებს“.
ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ვატარებთ. ამის დამწერს ვეუბნები – ნუ გეშინიათ. ჩვენ მშიდობიანად მოვდივართ, ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ხალხი, რომელსაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი. ამიტომაც, კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, გვეკუთვნის ჩვენ ეს ჩვენი კონსტიტუციით, კანონს ჩვენ არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ – თქვენ არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
თბილისის მერიამ მერიის ადმინისტრაციაში პაატა ბურჭულაძის სახელით შესული წერილი და მერიის პასუხი ცოტა ხნის წინ გაასაჯაროა.