პაატა ბურჭულაძე – ლევან ხაბეიშვილს დიდი ხნით არ ვემშვიდობებით, 4 ოქტომბერს ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობიანად ვატარებთ რევოლუციას თუ დამხობას, 5-ში დილით ყველა პოლიტპატიმარი გამოვა გარეთ

ლევანს ჩვენ დიდი ხნით არ ვემშვიდობებით, 4 ოქტომბერს ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობიანად ვატარებთ რევოლუციას თუ დამხობას, 5-ში დილით ყველა პოლიტპატიმარი გამოვა გარეთ, ლევანიც და ყველაც, – ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს სასამართლო პროცესის დახურვის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი აბსურდულად არის დაჭერილი.
„ლევანმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა საქართველოს ყველა ნორმალურ მოქალაქეს. მან თქვა, რომ ის აბსოლუტურად აბსურდულად არის დაჭერილი და ის ემსახურება თავის ქვეყანას. მან ისეთი კარგი სიტყვა ჰქონდა, დარბაზში დიდმა ტაშმა გაიჟღერა. მოსამართლე რომ უსმენდა ლევანს, მგონი რცხვენოდა. პროკურორს საერთოდ თავი ჰქონდა ჩაწეული, ტელეფონიდან ერთი წუთით არ ამოუწევია თავი თამაშობდა თუ წერდა რაღაცას… ლევანს ჩვენ დიდი ხნით არ ვემშვიდობებით, მანაც აღნიშნა ეს. 4-ში ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობიანად ვატარებთ რევოლუციას თუ დამხობას. მე ამ სიტყვებს არ ვერიდები. მაგაზე ასამართლებენ ახლა ლევანს და 5-ში დილით ყველა პოლიტპატიმარი გამოვა გარეთ, ლევანიც და ყველაც. ვიყოთ ომახიანად! ძალიან ეშინია ბიძინა ივანიშვილსა და მის ბანდას, ძალიან ცუდ დღეში არიან ასე რომ აკავებენ ხალხს. ლევანს დღეს არ გამოუშვებენ ნამდვილად. იმედი მაქვს, რომ მურთაზ ზოდელავას შეიძლება კიდევ რაღაც შეეხოს და გამოუშვან. ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვერავინ მოგვერევა. ხალხი უკვე დგას ფეხზე. 4-ში გამოვიდეთ და ოთხშივე დავამთავროთ ეს ყველაფერი. რაც არ უნდა მოტივირებული იყოს და ნათქვამი ჰქონდეთ, რომ ლევან ხაბეიშვილი უნდა დასაჯონ, ძალიან ძნელი მოსასმენი იყო, რაც ლევანმა თქვა. მოსამართლემ საკუთარ თავს არ უნდა დაუჯეროს, თვალი უნდა დახუჭოს… მოსამართლე უსმენდა მაინც, პროკურორი საერთოდ თამაშობდა ტელეფონში. იცოდეთ ერთი რამ – ამათი საქმე უკვე დამთავრებულია, 4-ში გამოვდივართ და ვიმარჯვებთ!“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი დაიხურა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ლევან ხაბეიშვილის განცხადების გაკეთების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს.