პაატა ბურჭულაძე – ამ კვირიდან, 31 რიცხვიდან, ჩვენ ვაპირებთ გასვლას ქალაქის უბნებში, ხალხს უნდა დაველაპარაკოთ, უნდა ავუხსნათ რაშია საქმე და როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები

ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს გეგმები იმისა, რომ როგორმე კიდევ შეიტყუოს პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში – ხალხის ღალატია, ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა იმიტომ, რომ თავიდანვე იციან, მოტყუვდებიან, – ამის შესახებ გაერთიანება „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
პაატა ბურჭულაძის თქმით, „რუსთაველის გამზირის“ წევრები აპირებენ ქალაქის სხვადასხვა უბნებში გასვლას, რომ მოსახლეობას არსებული რეალობა აუხსნან, რათა არ მიიღოს მონაწილეობა იმ არჩევნებში, „რომელშიც კიდევ ერთხელ მოტყუვდება“.
„საზოგადოება „რუსთაველის გამზირი“, რომელიც უკვე 182-ე დღეა რუსთაველზე ვართ, უკვე ამ კვირიდან, 31 რიცხვიდან, ჩვენ ვაპირებთ გასვლას ქალაქის სხვადასხვა უბნებში. ხალხს უნდა დაველაპარაკოთ, უნდა ავუხსნათ რაშია საქმე და როგორ უნდა ჩავატაროთ . ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ აღარ შეიძლება ამდენჯერ მოგვატყუოს ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა. ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს გეგმები იმისა, რომ როგორმე კიდევ შეიტყუოს სხვადასხვა პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში. ამის მოხდენა არაფრით არ შეიძლება, ჩვენ ამას ხალხს ავუხსნით და ხალხი არ მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელშიც კიდევ ერთხელ მოტყუვდება…
ჩვენი გეგმები არის ის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, ამ წლის იანვრამდე, ეს მთავრობა უკვე აღარ უნდა იყოს. ს რეჟიმი, რომელმაც ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანა, იანვრამდე უნდა მოვიშოროთ.
გინდა გითხრათ, რა მოხდება? ხომ ხსნის მინისტრებს? ერთი მოხსნა უკვე, ვინც ბევრ რამეშია დამნაშავე, გომელაური და დანიშნა მეორე, შემდეგ კიდევ მოხსნის სხვადასხვა მინისტრებს, ვინც დამნაშავეები არიან, მოხსნის კალანდარიშვილს, პოლიტპატიმრებსაც გამოუშვებს, ამასაც იზამს, მაგრამ რა მოჰყვება ამას? კალანდარიშვილის ადგილას მოვა კალანდარიშვილი ნომერი ორი, ერთი მინისტრის ადგილას მოვა მეორე და როგორც კი ჩატარდება არჩევნები, 50 პატიმრის ადგილას იქნება 150 და უნდა ველოდოთ ახალ არჩევნებს. ამის აყოლა არაფრით არ შეიძლება. ეს არის ჩვენი ღალატი, ხალხის ღალატი. ხალხის ღალატია, რომ ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა იმიტომ, რომ თავიდანვე იციან, მოტყუვდებიან. ან უკვე გარიგებულები არიან ივანიშვილთან და გადმოუგდებს რაღაც ადგილებს სადღაც, ან ქალაქის მერიაში, ან სადღაც ან კიდევ თავს იცავენ, ეშინიათ რაღაცის. არაფრით არ შეიძლება ბატონებო“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.