პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ის მერიას 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას სთხოვს

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ის მერიას 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას სთხოვს.
როგორც ბურჭულაძემ განმარტა, მათ სურთ, მოიწვიონ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა.
„ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები გარდაუვალია. ეს წარმოუდგენელია, რომ დიდი ხანი გაგრძელდეს. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ის იყო, რომ ყრილობისთვის, რომლის ჩატარებაც გვინდა, მოგვცენ ბორის პაიჭაძის სტადიონი, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილია, სადაც შეიძლება, რომ დავეტიოთ. ამიტომ შევიტანეთ ეს განცხადება. ვცდილობთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ამიტომ გვინდა მოვიწვიოთ ყრილობა 4 ოქტომბერს, როდესაც თითქოს უნდა ყოფილიყო. გვინდა, მოვიწვიოთ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის მერია მის განცხადებას, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ არაფერს არაკონსტიტუციურს და არაკანონიერს არ ითხოვენ, ამიტომ არ აქვს უარის მოლოდინი.
„ვერ წარმომიდგენია, მერიამ რატომ უნდა გვითხრას უარი. არაფერს არაკონსტიტუციურს და არაკანონიერს არ ვაკეთებთ. ჩვენ გვინდა გვქონდეს ის ადგილი, სადაც დავეტევით. პატარა ადგილია პრინციპში – 55 ათასი კაცი ეტევა, მოედანზეც 25 000 რომ გავალაგოთ და დანარჩენი გარეთ იქნება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანად გადმოვიბაროთ“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)