ოჯახის მტკიცებით, 17 წლის ბიჭზე პოლიციელებმა ფიზიკურადაც იძალადეს და ხელი მოტეხეს | ლაშა ცეცხლაძის საქმე

მოზარდის დაკავების გაყალბებული საქმე – ბათუმში ერთი თვის წინ 17 წლის ლაშა ცეცხლაძე დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობასა და ყაჩაღობას ედავება. ამ საქმეზე “შაბათის მთავარის” წინა გადაცემაშიც მოგიყევით, მათ შორის იმაზე როგორ შეადგინეს წინასწარ პოლიციელებმა მათთვის სასურველო ოქმი და როგორ მოაწერინეს იძულებით ხელი მოზარდს. გამოკითხვას არც ოჯახის წევრები და არც ადვოკატი დაასწრეს.
საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ოჯახი ამტკიცებს, რომ სახლიდან გაყვანის მომენტში მოზარდს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა, ახლა კი არასრულწლოვანს ხელი აქვს მოტეხილი. დაკავებულის და გვიყვება, რომ მის ძმას დაზიანება მაშინ მიაყენეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ.
ოჯახის ინფორმაციით, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, ლაშა ცეცხლაძეზე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა სამი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა. სიტუაცია განსაკუთრებით ხელის მოტეხვის შემდეგ დამძიმდა, როცა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული არასრულწლოვანი მძიმე ფიზიკურ ტკივილსაც განიცდიდა. ოჯახის ინფორმაციით არა ერთი თხოვნის მიუხედავად, არასრულწლოვანს სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. პოლიციაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის გამო 17 წლის მოზარდს ახლა მეტყველებაც უჭირს.
ადვოკატი, ცოტნე ტყებუჩავა ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანი სუიციდზეც ფიქრობს. ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვანთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.
ავტორი: დავით კობიძე.