აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ “ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აჭარა უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას განიცდის. მან ამის შესახებ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრესრელიზის თანახმად, შეხვედრას, ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
სულხან თამაზაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, სწორად დაგეგმილმა პოლიტიკამ, რეგიონს სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოუტანა, რასაც აჭარაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ანალიზიც მოწმობს.
“ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. თქვენი საქმიანობა ქმნის სამუშაო ადგილებს, ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში.
“ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას განიცდის. ბოლო წლებში, სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, სწორად დაგეგმილმა პოლიტიკამ რეგიონს სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოუტანა, რასაც მარტივად მოწმობს აჭარაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ანალიზი, რომელიც 2012 წელთან შედარებით, ბოლო მონაცემებით გაზრდილია 208%-ით და რვა მილიარდამდე ლარს შეადგენს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას. ასევე, ერთად მივაღწევთ ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს – აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას ოთხივე სეზონზე” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხედვა წარმოადგინა და სტუმრებს აჭარის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარას ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა. მხოლოდ 2025 წლის მეორე კვარტალში, რეგიონის ბიზნეს სექტორის ბრუნვა 8%-ით, პროდუქციის გამოშვება 11%-ით, დასაქმება 10%-ით, ხოლო საშუალო ანაზღაურება 9%-ით გაიზარდა. ასევე, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა უძრავი ქონების ბაზარმაც და წინა წლის მაჩვენებელს 23%-ით გადააჭარბა”,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისწარმომადგენლები და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ.
bm.ge