„ოცნების“ ხელისუფლების მიერ წახალისებული პარტიული ზონდერ ჯგუფი, ამჯერად, სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს დაესხა თავს, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დავით ბერძენიშვილის შვილია. ზუკა ბერძენიშვილი ე.წ „რუსული კანონის“ მიღების წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდა და არაერთხელ დაემურქნენ.
შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა ზურა ბერძენიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი
მისი ცემა ჯერ, 3 ივნისს, გურიაში, მშობლიურ სოფელში ფამფალეთში სცადეს. მაშინ ბერძენიშვილი ჩასაფრების შესახებ მეზობლებმა გააფრთხილეს და პოლიციაც გამოიძახა.
ამჯერად, აქტივისტს თბილისში, საკუთარი საცხოვრებლის წინ, 3 უცნობი პირი დაესხა თავს. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელები „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილით გაიქცნენ, სახელმწიფო ნომრით LL290MM.
“სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ. შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, არ ყოფნიდა რასაც შვებოდა“ – აღნიშნა თავდასხმის შემდეგ ზურა ბერძენიშვილმა. მას ცხვირი გაუტეხეს და ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაუდებელ ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია დასჭირდა.
შსს-მ საქმე ძალადობის, ცემის ფაქტზე აღძრა, სს კოდექსის 126-ე მუხლით, ბერძენიშვილის ადვოკატს მაიჩნია, რომ სინამდვილეში საქმე 118-ე მუხლით უნდა აღძრულიყო. „ზუკას აღენიშნება სახის მიდამოში მრავლობითი მოტეხილობები, რაც როგორც მინიმუმ იძლევა საფუძველს რომ საქმის კვალიფიკაცია საწყის ეტაპზევე შეიცვალოს“ – ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
თქვენივე ორგანიზებული ჯგუფები აი, ასე უსწორდებიან, მაინტერესებს რას აპირებთ? ასე აპირებთ ქვეყანა აცხოვროთ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ასე უნდა სცემოთ? თეონა აქუბარდია, ოპოზიციონერი დეპუტატი
ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა განხორციელდა ზუსტად ერთი საათის შემდეგ, რაც ბერძენიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დაწერა. „ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით, სალომე ნიკოლაიშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, “სირცხვილია” – აღნიშნა პოსტში პაპუაშვილმა.
„თქვენი განცხადება არის მინიმუმ წახალისება ახალგაზრდა კაცზე, ზურგიდან მიპარვით ცემის, რომელსაც თქვენივე ორგანიზებული ჯგუფები აი, ასე უსწორდებიან! მაინტერესებს რას აპირებთ, ასე აპირებთ ქვეყანა აცხოვროთ? განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ასე უნდა სცემოთ?“ – ასე მიმართა ოპოზიციონრმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ოცნების“ პარლამენტის სპიკერს პაპუაშვილს.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ეს „ოცნების“ ზონდერების უკვე მეორე თავდასხმაა აქტივისტებზე. 7 ივნისს, პირდაპირ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ზონდერებმა, სტუდენტების და ლექტორების თვალწინ, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე სცემეს.
მას ოპერაცია ყურზე დასჭირდა. თავდასხმას ათობით თვითმხილველი ჰყავდა, გავრცელდა სავარაუდო თავდასხმელების ვიდეოც, ახლო კადრები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას, რომ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგებზე თავდასხმა და ცემა სწორედ ხელისუფლების ორგანიზებით ხდება.
ყველა აცნობიერებს, რომ ეს გამოძიება არის აბსოლუტურად ფორმალობა. იმიტომ რომ რეჟიმი ცხადია თავის თავს არ დასჯის ნიკო მანაგაძე, სტუდენტი
„რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ეს გამოძიება არის აბსოლუტურად ფორმალობა. იმიტომ, რომ რეჟიმი ცხადია თავის თავს არ დასჯის. არ დასჯის თავის ხელქვეითებს, რომლის ხელითაც თავდასხმა განახორციელა“ – ამბობს ნიკო მანაგაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე, აპრილში, მაისსა და ივნისში, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და აქტივისტების ცემის ერთი ფაქტიც კი არ გაუხსნია. შსს-მ აქციებზე 200-ზე მეტი პირი დააკავა და ყველა ნაცემი იყო. პოლიციელები დემონსრანტებს სცემდნენ როგორც დაკავების მომენტში, ისე სპეციალურად მოწყობილ „კორიდორში“.
„სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალის გადამეტების საკითხის შესწავლის, მათ შორის სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პირების იდენტიფიცირებისა და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-დან გამოთხოვილია აქციის მონაწილეების დამკავებელ და ინდივიდუალურ ეპიზოდებში მონაწილე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი თანამშრომლების ვინაობის შესახებ ინფორმაცია.
“”ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყარო არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი” გიორგი ვოლსკი, “ოცნების” ვიცე-სპიკერი
მოთხოვნილია ინფორმაცია როგორც აქციის მონაწილეებთან შემხებლობაში მყოფი სპეცრაზმელების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, ასევე მათ მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებებისა (მათ შორის რეზინის ტყვიები) და რადიოსადგურების საშუალებით გადაცემული ინფორმაციის შესახებ“ – ეს ინფორმაცია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ 8 ივნისს გაავრცელა.
იურისტების აზრით, ეს განცხადებაც და ის ფაქტიც, რომ ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ გამოკითხულა, აჩვენებს, რომ გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს. იმის გამო, რომ მოძალადე პოლიციელებს და სპეცრაზმელებს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ და ნიღბებში იყვნენ, მათი ამოცნობა, პოლიტიკური ნების არქონის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ეს იყო ძალის მიზანმიმართული გადამეტება, ადამიანების ცემა, მათი დაშინების მიზნით“ – ამბობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე.
„ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით, მოქალაქეების ცემის ორგანიზებას ტრადიციულად უარყოფს და პირიქით, ძალადობაში ოპონენტებს ადანაშაულებს.
თუ მთავრობა უდანაშაულო მოქალაქეებს ესხმის თავს, ის ევროპულ ღირებულებებს ესხმის თავს მიხაელ როთი, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
“ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყარო არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი” – აღნიშნა „ოცნების“ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
”ქართულ კოშმარს („ოცნებას“) არ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით მართოს საქართველო. როდესაც ისინი მორალურად ეცემიან, ჩვენ უნდა ავმაღლდეთ. თუ მთავრობა უდანაშაულო მოქალაქეებს ესხმის თავს, ის ევროპულ ღირებულებებს ესხმის თავს.
დემოკრატია, თავისუფლება და ღირსება გაიმარჯვებს, ადრე თუ გვიან“ – ასე გამოეხმაურა ზუკა ბერძენიშვილზე ანგარიშსწორებას, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი.