„ოცნების“ შიგნითაც მომწიფდება კონფლიქტი იმათ შორის, ვისაც უნდა კომფორტი, მაგრამ არ უნდა კაციჭამია იყოს და ვისაც ნებისმიერ ფასის გადახდა შეუძლია ხელისუფლებაში ყოფნისთვის“ – გედევან ფოფხაძე

„ოცნების“ შიგნითაც მომწიფდება კონფლიქტი იმათ შორის, ვისაც უნდა კომფორტი, მაგრამ არ უნდა კაციჭამია იყოს და ვისაც ნებისმიერ ფასის გადახდა შეუძლია ხელისუფლებაში ყოფნისთვის“ – გედევან ფოფხაძე
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარტია „ახლების“ წევრი, გედევან ფოფხაძე.
– ბატონო გედი, უკვე რამდენიმე დღეა, ხელისუფლების მიერ წაქეზებული ხალხის მიერ მიმდინარეობს ოპოზიციურად განწყობილი ხალხის ცემა, სატელეფონო მუქარა და ლანძღვა–გინება, აქციების უმოწყალო დარბევა, ცემა-ტყეპა. სასტიკად ნაცემია დავით ქაცარავაც. ეს ყველაფერი ხომ არ მივა დიდ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და უკონტროლი სიტუაციამდე? მეორე მხარეს ვინც არის, მათაც აქვთ ნერვები და წინააღდეგობის გაწევის უნარი…
– სამოქალაქო დაპირისპირება უკვე სახეზეა. ამას წინათ ირაკლი მ ასეთი ფრაზა თქვა– ძალადობა შობს ძალადობასო. ეს უმაგისოდაც ყველამ ვიცით. თუ მაგდენს ხვდები, შე დალოცვილო, ამ მეთოდებით რატომ იწვევთ ოპონირებას?! ეს არის მართვადი და არა ქაოსური ძალადობა, ეს არის ცალსახა. ძალადობისკენ ხელისუფლებამ უბიძგა გარკვეულ ჯგუფებს, სახელისუფლებო სტრუქტურები აორგანიზებენ ამ ძალადობას. შესაბამისად, როცა შენ ძალაზე გადადიხარ და ამ ენაზე იწყებ საუბარს, მეორე მხარე თვლის, რომ ეს არის ხელისუფლების კომუნიკაციის ფორმა და ენა. ეს ძალიან სარისკოა. ჩვენ რომ ვსაუბრობთ წყნარად, შეგვიძლია ერთმანეთის განსხვავებული აზრები მშვიდად მოვისმინოთ და ჩვენი არგუმენტები ვუთხრათ ერთმანეთს, ამ საუბრის დროს არაფერი ცუდი არ მოხდება. როდესაც ერთი მხარე დაიწყებს ძალადობას მეორეზე, ადრე თუ გვიან, მეორეც უპასუხებს ძალადობით. გამორიცხულია, მუდმივად ერთი იყოს მოძალადე და მეორე აკადემიური, ასეთი რამ არ ხდება. როგორც ჩანს, ამათ იმდენად უღირთ ხელისუფლებაში ყოფნა, რომ მზად არიან ასეთ რისკზე წავიდნენ. ეს არის განწირულის საქციელი. გამორიცხულია, როდესაც ამას ახალისებ, არ მობრუნდეს შენს წინააღმდეგ. ვინც კენჭების სროლას იწყებს, მერე მას ლოდებს ესვრიან. ეს სამწუხარო ისტორიული ჭეშმარიტებაა.
– რა სიკეთეს, რა ხეირს, რა პოლიტიკურ სარგებელს მოელის „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისგან? რა გათვლა აქვთ და რისთვის სჭირდებათ ეს ძალადობები?
– თუ შორეული ისტორიები არ იციან, გლობალური ხედვით არ უდგებიან ამ საკითხებს, უბრალოდ, „ნაცმოძრაობის“ ბოლო პერიოდი გაიხსენონ. ერთი ერთში იგივეა იმათი და ამათი ძალადობრივი ქმედებები. 2012 წელს და მანამდეც, ამ ენით გველაპარაკებოდა „ნაცმოძრაობა“, სულ ვიღაცას სცემდნენ, სულ ძალადობის ფაქტები იყო. ამათ თუ მიაჩნიათ, რომ ესენი უფრო მაგრები არიან, იგივე მეთოდები ამათ პირობებში უფრო ეფექტური იქნება, ეს არის ილუზია და ისტორიის უცოდინარობა. ასეთი რამ არ მოსდით მარტო „ნაცმოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. ეს არის ჩვეულებრივი აგონია, როდესაც შენ გგონია, რომ ამ მეთოდებს გამოიყენებ და ხელისუფლებაში დარჩები. გამორიცხულია, ვერ დარჩები. ვინც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობას იწყებს, ის განწირულია. ხელისუფლება ამ ენით საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდეს და თუ ეს ენა დასჭირდა ხელისუფლებას, ის თვითონ ახდენს საკუთარი თავის დელეგიტიმაციას. ეს უკვე აღარ არის ხელისუფლება, მას უნდა ჰქონდეს მხოლოდ ლეგალური ძალადობის უფლება და საშუალებები.
– სააკაშვილის და „ნაცების“ დაბრუნების შიში განელდა ხალხში, რადგან მიხვდნენ, რომ ამ შიშს წლების მანძილზე „ქართული ოცნება“ თესავდა ხალხში და ამით ბევრი ც მოიგო და სხვა სიკეთეებიც ნახა. ეს ძალადობა იმიტომ ხომ არ დაიწყეს, რომ ხალხს შეახსენონ, აი, „ნაცების“ დროს უარესები ხდებოდა, ეს რატომ გიკვირთო?
– არა მგონია, მაგაზე ვინ დაიწყებს საუბარს… რა მნიშვნელობა აქვს ახლა, მიშას დროს თუ უარესები ხდებოდა? თუ ხდებოდა და დაესაჯათ დამნაშავეები. 12 წელი გავიდა, რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში და თაობა წამოვიდა, რომელთაც კარგად არ იციან, სააკაშვილი ვინ არის. ახალგაზრდები დგანან რუსთაველზე, რომლებიც მიშას დროს ბავშვები იყვნენ, ზოგი სკოლაში სწავლობდა და ზოგი ბაღში დადიოდა. მაგაზე აქცენტების გადატანა ამათ რას აძლევს? უბრალოდ, ხალხს აჩვენებენ, რომ შეუმდგარი ხელისუფლებაა, როდესაც ხალხთან ძალადობის ენით გჭირდება საუბარი და სხვა სათქმელი გამოგელია. ჰგონიათ, რომ ამ ძალადობით ხალხს დააშინებენ, რომ აღარ იყვნენ აქტიურნი. ეს არ გამოუვათ, ეს პროცესი არ გაჩერდება. ეს არის ილუზია. შესაძლოა, არჩევნებამდე საზოგადოების მცირე ნაწილი დააშინონ, ზოგმა თავი შეიკავოს აქტიურობისგან, მაგრამ მოვა არჩევნები და ეს ხალხი იმ დღეს გამოხატავს თავის უარყოფით პოზიციას ხელისუფლების მიმართ. ასე მოხდა 2012 წლის არჩევნების დროს. იყო ძალადობა, რეპრესიები, იყვნენ დაშინებული ადამიანები, მაგრამ არჩევნების დროს ყველამ ერთად იხუვლა და ხმა მისცა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. ძალადობა უკვე დიდი ხანია არ მუშაობს. ზუსტად იმ გზას გადის „ქართული ოცნება“, რაც „ნაცმოძრაობამ“ გაიარა. „ქართული ოცნება“ დღეს „ნაცმოძრაობაა“, რადგან ისეთივე მიუღებელი გახდა.“ნაცმოძრაობას“ უნდოდა, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ხელისუფლებაში, ებატონა ხალხზე და ძალადობდა ოპონენტებზე. იმავეს აკეთებს „ქართული ოცნება“. ვის მეტი აქვს დაშვებული, ეს უკვე აღარ არის მთავარი. ეს ხელისუფლება უკვე გადავიდა „ნაცმოძრაობის“ სტანდარტზე, გაიგივდნენ მათთან, თუ კიდევ უფრო გაუარესდებიან.
– არჩევნები ახსენეთ და მიაღწევს „“ქართული ოცნება“ არჩევნებამდე? ეს ახალგაზრდების აქციები იქამდე ხომ არ მივა, „ქართული ოცნება“ ისეთ ჩიხში შევიდეს, რომ ხელისუფლების გადაბარება მოუწიოს? ფაქტია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კი არა, კოალიციები რომ ვერ უყრიდნენ თავს, თითქმის ორი იმდენი ხალხი ლამის ყოველდღე გამოდის…
– ეს უკვე პოლიტიკური კი არა, სამოქალაქო, ზეპარტიული პროტესტია. ამ პროტესტს ვერ გაუძლებს ვერანაირი ხელისუფლება. ხალხი ითხოვს იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, რაც კონსტიტუციაშიც გვიწერია. რა სცენარით წავა პროცესები, ეს „ოცნებაზეა“ დამოკიდებული. თუ ამ მეთოდებით გააგრძელეს, დაძაბავენ, დაძაბავენ ვითარებას და თავს ჩაიყენებენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. „ოცნებაში“ ყველა არ არის ასეთი კაციჭამია, იქაც არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც ადამიანურად უნდათ სოციალური კომფორტი და მიაჩნიათ, რომ არაფერი შავდება იმით, რომ ისინი ხელისუფლების ნაწილი არიან. ასეთი პროცესის თანამონაწილე რომ გახდე, უფრო კაციჭამიური თვისებები უნდა გქონდეს, ვიდრე უბრალოდ კომფორმისტული. ეს უკვე აღარ არის კომფორმიზმი. ეს არის აშკარა აგრესია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. „ოცნების“ შიგნითაც მომწიფდება კონფლიქტი იმათ შორის, ვისაც უნდა კომფორტი, მაგრამ არ უნდა კაციჭამია იყოს და ვისაც ნებისმიერ ფასის გადახდა შეუძლია ხელისუფლებაში ყოფნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“, რეალურად, ამოწურა კრიტიკული აზროვნება თავის სივრცეში, მაგრამ არის თვითშენარჩუნების ინსტინქტი, რომელსაც ვერაფერს ვერ უზამ, პირველყოფილი ინსტინქტია. ამით ცხოვრობს ყველა ბიოლოგიური არსება და ახლა ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მოაზროვნეცაა და კრიტიკულად მოაზროვნეც, თვითშენარჩუნების ინსტინქტს ვერსად გაექცევა, ბოლოს და ბოლოს, ესეც ამუშავდება.“ოცნება“ რაც უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობას ქართველ ხალხთან, მით უფრო გაუჭირდება ერთიანობისა და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება. შესაბამისად, შესაძლოა, ვერც მიღწიოს არჩევნებამდე, თუ ასეთი მეთოდებით აპირებს არჩევნებამდე მისვლას.
– კი, „ქართული ოცნების“ ბევრი წევრი არ არის საქართველოში რუსული ტიპის დიქტატურის დამყარების მომხრე. არის შემთხვევები, ქუჩაში გამოსული ახალგზრდის მშობელი საკრებულოს წევრია მმართველი პარტიიდან ან ხელისუფლების ჩინოვნიკი. ეს აღმოჩნდება გარდამტეხი მომენტი, რომ ქვემოდან დაიწყოს ხელისუფლების რღვევა? რადგან ბოლოდ მშობლები მაინც შვილებს დაუდგებიან გვერდით და დატოვებენ პარტიას და პოსტებს.
– რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ასე მოხდება. ეროვნული მოძრაობა ხომ ორივეს გვახსოვს. მაშინ მამაჩემი იყო ქარხნის დირექტორი და კომპარტიის წევრი, მე კიდევ მიტინგებზე დავდიოდი, ეროვნული მოძრაობის აქტივისტი ვიყავი. მაშინ ახალმა თაობამ აიღო ხელში ინიციატივა, გასაგებია, ზვიადი, მერაბი, სხვა ლიდერები, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ენერგეტიკა იყო სტუდენტობა, სკოლის მოსწავლეები, ვინც არ იყო მოწამლული კომუნისტური იდეოლოგიით. მერე ისტორიის გადაფასება მოხდა, რასაც გვასწავლიდნენ, დაინგრა საზოგადოების ცნობიერებაში. ახლა ხელისუფლება გვართმევს ევროინტეგრაციის ისტორიულ შანსს და შესაძლოა, მშობლები ნაკლები ემოციებით ხვდებიან ამას, მაგრამ ახალგაზრდობაში დიდ ემოციებს იწვევს, მათთვის ამ შანსის დაკარგვა კატასტროფაა. ისინი ახლა იწყებენ ცხოვრებას და ამ შანსს ვერ და არ დათმობენ. კი, შვილების თაობა იქნება ქუჩაში, აქციებზე, მშობლების თაობა ვალდებულია შვილების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. არეულ ქვეყანაში რაც არ უნდა სიმდიდრე, მატერიალური სიკეთე დაუტოვოს შვილს, ფასი არ აქვს. კი, ბოლოს მშობლები შვილების გვერდზე დადგებიან და მინიმუმ, ხელს არ შეუშლიან მათ იმ საქმის კეთებაში, რომელიც ამ ქვეყანას ცივილიზებულ სახელმწიფოს გადააქცევს. მშობლის მიერ შვილის სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება, ეს გარდაუვალია. უძლიერესი ინსტიქტია, ბოლოს და ბოლოს. კი, ასე მოხდება – „ქართული ოცნებიდან“ ბევრი მიატოვებს პარტიას, კომფორტს, სამსახურს შვილების გამო, ეს აუცილებლად მოხდება.
–„ქართული ოცების“ დეპუტატმა, მ ტელევიზიაში თქვა, 1989 წლის 9 აპრილს, ხალხი ჭლეტაში დაიღუპაო. წამოსცდა, ვინმემ დაავალა ამის თქმა თუ ესენიც რაღაც უბედურებას აპირებენ და გვაგუებენ, რომ ხალხი შეიძლება ჭყლეტაში დაიღუპოს?
– არ ვიცი, ბექა ოდიშარიამ რატომ დაიწყო მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ მე მგონია, რომ ისინი ღირებულებით დონეზე დეგრადირდებიან, ფორმალურ სტანდარტებსაც ვერ იცავენ. 9 აპრილის მერე, ამ ტრაგედიის მომწყობი, გენერალი როდიონოვი, უმაღლესი საბჭოს ყრილობაზე ზუსტად იმას ამბობდა, რაც ოდიშარიამ თქვა. ამათი მიდგომები, თუნდაც 20 ივნისის, ხალხის სხვა დროს დარბევებისა და დღეს რაც ძალადობა ხდება იმაზეც, პრინციპების დონეზე იმას ჰგავს. ამათ ხალხიც რომ დახოცონ, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ჩვენ ვიცავთ რაღაც უფრო ღირებულს, ვიდრე ქუჩაში გამოსული ხალხის სიცოცხლეა. საბოლოო ჯამში, საკუთარ ხელისუფლებას იცავენ,მაგრამ ამ პრინციპით უდგებიან ყველაფერს. კობახიძეც ასე ლაპარაკობს და ეს გადამდებია. ოღონდ ხელისუფლება დაიცვან და ყველაფრის გაკეთება შეიძლება – ეს მიდგომა აქვთ და მათთვისვე არის ძალიან საშიში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი