გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს, “საქართველოს ევროპული მომავლისთვის” უყრის კენჭს. როგორც ცნობილია, განხილვა თბილისის დროით 19:50 საათზე დაიწყება.
რეზოლუციის ავტორები გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტია არიან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მაგრამ ოცნების ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს აკრიტიკებენ.
რეზოლუციაში ბუნდესტაგი მოითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ რუსული კანონი ძალაში იქნება.
“ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ცენტრალურ ფასეულობებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ორ პრიორიტეტულ ნაბიჯს, კერძოდ, სამოქალაქოს საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფასა და ევროკავშირისა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას”, – წერია განცხადებაში.
გერმანელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ამ კურსით საქართველოს ხელმძღვანელობა მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის და ქვეყნის მომავალს ევროკავშირში შეგნებულად აყენებს საფრთხის ქვეშ.
ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მიმართულებისა და ქვეყნის ევროპული კურსისთვის გადამწყვეტი იქნება. აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს.
“მომავალი საპარლამენტო არჩევნების თანასწორობას და თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს. საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკის შინაარსებზე პატივისცემით და მშვიდობიანად კონცენტრაციის საშუალებას. საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა, ევროსაბჭოს და ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, თავისი მოქალაქეების ინტერესებში, პატივი უნდა სცეს და დაიცვას დემოკრატიული არჩევნების ეს ძირეული პრინციპები”, – ვკითხულობთ რეზოლუციაში.
რეზოლუციაში LGBTQIA+ პირების უფლებების შემზღუდველი კანონისა და ოფშორების შესახებ კანონის გაუქმებაზეც არის საუბარი.
“მეტიც, ქართული ოცნება აღივებს შიშს სექსუალური უმცირესობების მიმართ და საარჩევნო მიზნებისათვის იყენებს დეზინფორმაციას და დევნას LGBTQIA+-ს წინააღმდეგ. გერმანიის ბუნდესტაგი დაუშვებლად მიიჩნევს LGBTQIA+ ადამიანების პოლიტიკური ანგარიშით ნაკარნახევ სტიგმატიზაციას და მათი უფლებების ბოლოდროინდელ მასიურ შეზღუდვას. ეს საქართველოს საზოგადოების დამატებით გახლეჩას უწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაში 654-მა ევროპარლამენტარმა მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 495, წინააღმდეგი იყო 73, თავი შეიკავა 86-მა.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და EU-ის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს “საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო”.