„ოცნების ქალაქში“ საბავშვო ბაღის აშენებას ს მერია გეგმავს – დაიხარჯება 6,6 მილიონი

ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 6 630 952 ლარით გამოაცხადა, თუმცა საბავშვო ბაღი გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხარეს აშენდება – „ოცნების ქალაქის“ ახალაშენებული კორპუსების გვერდით.
პროექტის მიხედვით, 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება.
„შენობა გეგმაში წარმოადგენს ერთმანეთთან შერწყმულ სამ მართკუთხა ფორმის ბლოკს. ბაღის ტერიტორიაზე მთავარი შესასვლელი მოწყობილია გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც მოწყობილია ერთი სამანქანო ჭიშკარი და ერთი კუტიკარი. სამანქანო ჭიშკარი ასევე მოწყობილია შენობის დასავლეთით მდებარე შიდაკვარტალური ქუჩის მხარეს. საბავშვო ბაღი შედგება 12 ჯგუფისგან, თითოეული ჯგუფი გათვლილია 25 აღსაზრდელზე“ – ვკითხულობთ აღწერაში.
„ოცნების ქალაქში“ ასაშენებელი ბაღის ესკიზი. ფოტო პროექტიდან
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის [140 551 კვადრატული მეტრი ფართობის] მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა იყო და „ოცნების ქალაქის“ განვითარების კონცეფციაზეც აჭარის მთავრობა მუშაობდა. საუბარია აქ სამი კორპუსის აშენების შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული. კონცეფცია მოგვიანებით [სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] საჭიროების დადგენის ეტაპზე] ს მერიამ განაახლა. საბოლოოდ კი, აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული კონცეფცია ბათუმის საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მეორე ეტაპის მშენებლობაზე ტენდერი 110 057 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში კი, ძირითადად, აქვე ბარაკებში მცხოვრები დარჩენილი ოჯახები უნდა შეასახლონ. ამ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადეს, რომელთანაც ხელშეკრულება 2025 წლის 5 თებერვალს გააფორმეს 129 346 880 ლარზე დღგ-ს ჩათვლით [109 616 000 ლარი – დღგ-ს გარეშე].
ხელისუფლებამ „მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ 2025 წლის 8 თებერვალს გამართა, რომელსაც „ოცნების“ პრემიერი ირაკლი ც ესწრებოდა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მაშინ აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დახარჯეს. ამ ღონისძიების ჩატარებიდან ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვალს აქ ტრაგედია მოხდა, სამშენებლო ტერიტორიასთან ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
საბავშვო ბაღის საპროექტო ტერიტორია „ოცნების ქალაქში“ მოქცეულია უკვე აშენებულ და ასაშენებელ კორპუსებს შორის.
ბავშვების უსაფრთხოება რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის, იქიდანაც ჩანს, რომ ბოლო პერიოდში 2 საბავშვო ბაღი ააშენა ბათუმის მერიამ და ორივე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან ისე ახლოს, რომ უსაფრთხოების მიზნით ელექტროგადამცემი ხაზებისთვის დადგენილი 20 მეტრი სიფართის ბუფერული ზონა არ არის დაცული.
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, N82-ში მერიამ ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ამ ბაღთან ახლოს კი მაღალი ძაბვის ხაზები გადის.
კერძოდ:
საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით, სადენიდან 20 მეტრი იქეთ და აქეთ, ანუ 40 მეტრი სიგანის დერეფანში საცხოვრებელი შენობა არ უნდა იყოს. N38 ბაღის შენობის ნაწილი კი ხაზის დამცავ ზონაშია მოქცეული. რაც შეეხება ბაღის ეზოს ღობეს, ის გადამცემი ბოძის ძირში გადის. ფაქტობრივად, ბოძი სამი მხრიდან ბაღის ღობითაა შემოსაზღვრული.
მეორე საბავშვო ბაღს რაც შეეხება, აქ მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი უშუალოდ ბაღის ეზოში დგას. ეს 37-ე ბაღია, რომლის ეზოში მდგარ მაღალი ძაბვის ელექტრობოძს სანახევროდ აქვს შემოხვეული „დამცავი“ ბადე, უკანა ნაწილი კი ღიაა და წყლით სავსე.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ მერია დაბალსართულიან საბავშვო ბაღებს აშენებს იმ „ცარიელ“ ადგილზე, რომელიც ინვესტორებისთვის მიუღებელია – უბრალოდ ცათამბჯენს აქ მაღალი ძაბვის ხაზების გამო ვერ ააშენებენ.
„ოცნების ქალაქის“ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ინვესტორები არ დაინტერესდნენ. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, 2025 წლის მაისში „ოცნების“ ქალაქის ტერიტორიის ნაწილობრივ მესაკუთრე ბათუმის მუნიციპალიტეტიც გახდა. დიდი ალბათობით, მერიას ბაღისთვის განკუთვნილი 4 667 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი გადასცეს საკუთრებაში.
წითელი ფერით მონიშნულია ბაღის ასაშენებლად გამოყოფილი [საპროექტო] ტერიტორია „ოცნების ქალაქში“ / ფოტო პროექტიდან
საჯარო რეესტრში მომავალი ბაღის ტერიტორია ცალკე საკადასტრო ერთეულად დარეგისტრირებული ამ დრომდე არ არის. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის საკუთრებასთან დაკავშირებით ცვლილებებსაც ითხოვდა, თუმცა რეესტრმა გაუგებარი მოთხოვნის გამო მერიას უარი უთხრა.
„დაინტერესებული პირის განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა უძრავი ნივთის იდენტიფიკაციის საშუალებას“, ამასთან, ბათუმის მერიის განცხადებით „წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლება დაინტერესებულ პირზე უკვე რეგისტრირებულია“ – წერია რეესტრის გადაწყვეტილებაში.
ტენდერში გამარჯვებულს ბაღის მშენებლობის დაწყებამდე მოუწევს აქ მდებარე 40-ზე მეტი ბარაკის დანგრევა და ტერიტორიიდან გატანა, ტენდერში კი წინადადებების მიღება 2025 წლის 9 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 14 ნოემბერს დასრულდება.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.
batumelebi.netgazeti.ge