ცოლის დაქალი, ცოლის დაქალის ქმარი, ბიძაშვილის შვილი, ოლიმპიური ჩემპიონები, ბიზნესმენები, ერთი მილიარდერი და 16 მილიონერი – “მთავარი არხის” ინფორმაციით, ასე გამოიყურება “ოცნების” საპარლამენტო სია. 13- წლიანი არსებობისა და ოთხი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში, ერთადერთი მილიარდერი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პირველადაა საარჩევნო სიაში, – პირველ ნომრად.
“ოცნების” საპარლამენტო სიაშია ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის დაქალი და მხატვარ, ნიკუშა შენგელაიას მეუღლე ეკა ჭიჭინაძე. პროფესიით ხელოვანი ოცნების სიის მე-15-ე ნომერია.
ჭიჭინაძის ოჯახის საკუთრებაა ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, მდიდრული სახლი წყნეთში, სამი მიწის ნაკვეთი და სამი ძვირადღირებული ავტომობილი. ჭიჭინაძის ახლადშევსებულ დეკლარაციაში ყურადღებას ყველაზე მეტად საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები იქცევს. ჭიჭინაძეს და მის მეუღლეს, ნიკუშა შენგელაიას თანხის დიდი ნაწილი, 318 000 დოლარი დოლარის ანგარიშზე აქვთ შენახული, შედარებით მცირე, თუმცა სოლიდური თანხა აქვთ ლარის ანგარიშზეც – 346 ათასი ლარი. ნიკუშა შენგელაიას სახელზეა 480 000 დოლარის ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატი და 3 000 000 დოლარის ღირებულების აქტივი.
“ოცნების” საპარლამენტო სიის კიდევ ერთი ახალი სახე მილიონერი ბიზნესმენი, ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას ბიძაშვილის შვილი, ვახტანგ თურნავაა. ოცნების სიის მე-8-ე ნომერი ოცნების გუნდში აიტი სფეროდან მოხვდა. ვახტანგ თურნავა შვიდი კომპანიის მეწილე და ოთხი კომპანიის დირექტორია. მისი საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლები თბილისის ცენტრში და 8 საათი, რომელთაგან თითოეულის ფასი 20 ათას ლარს აღემატება.
პარტიის მე-16 ნომერი კახა კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის დაქალის, დიზაინერ მაკა კვიციანის ქმარია. 49 წლის შოთა ბერეკაშვილიც მილიონერია და სახელისუფლებო გუნდს რუსული პასპორტით შეუერთდა. “ოცნების” ახალი სახე საქართველოში სამშენებლო ბაზრის მსხვილი მოთამაშეა- ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანიის „თეთრი კვადრატის” 50%-იანი წილის მფლობელია. სამშენებლო კომპანიების გარდა, მისი და მისი ოჯახის საკუთრებაა მდიდრული სახლი მილიონერების უბანში, მიწის ნაკვეთები და ძვირადღირებული ავტომობილები.
ერთი კატერი, ოთხი ძვირადღირებული ავტომობილი, ექვსი მოტოციკლი, 13 ცეცხლსასროლი იარაღი და მილიონზე მეტი ლარის ღირებულების მაჯის საათები – ასე გამოიყურება ივანიშვილის კიდევ ერთი მილიონერი რჩეული ქონების ნაწილი – ილია ინჯია, “ქართული ოცნების” სიაში 30-ე ნომერია. პარლამენტში ადგილი ფაქტობრივად მემკვიდრეობით მიიღო. ის ფრიდონ ინჯიას შვილია. ბიზნესმენი ილია ინჯია ფლობს კომერციულ ფართებს თბილისის ცენტრში, მიწის ნაკვეთებს ქვეყნის სხვადასხვა რაიონში, სახლებს საქართველოში, რუსეთსა და თურქეთში. მომავალი დეპუტატი ათზე მეტი კომპანიის მეწილე და მეუღლესთან ერთად 9 კომპანიის დირექტორია. ინჯიას საკუთრებაა ბეთანიაში მდებარე მდიდრული სახლიც – აუზითა და საუკეთესო ხედებით.
ოცნების კიდევე ერთი ახალი სახე 32 წლის გიორგი ხახუბიაა, ყოფილი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი. საპარლამენტო სიის 47-ე ნომერი მამის გარდაცვალების შემდეგ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ხახუბიას ფინანსურ შესაძლებლობებზე წარმოდგენის შესაქმნელად სრულიად საკმარისია გასულ წელს მოგზაურობაში, შვილების სწავლაში, რემონტში, ავეჯსა და ქველმოქმედებაში დახარჯული ათობით ათასი ლარი. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ გიორგი ხახუბიას და მის მეუღლეს დედები 400 ათასი დოლარით “დაეხმარნენ”.
ქართულ ოცნების მილიონერი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილიცაა. მისი საკუთრებაა ბინები თბილისში, ბაკურიანში, პარიზსა და დუბაიში. უფრო კონკრეტულად – ობოლაშვილი დუბაიში ორ ბინას ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება. მისივე საკუთრებაა 1,2 მილიონ ევროდ ნაყიდი ბინა და ავტოფარეხი პარიზში. ოცნების მილიონერ დეპუტატს ოფიციალურ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს წყნეთში, ნუშის ბაღების უბანში მდებარე მდიდრული სახლი სტადიონითა და აუზით. უძრავი ქონება ანტონ ობოლაშვილის სიდედრის სახელზე აქვს გაფორმებული. თუმცა წყაროს ინფორმაციით ამ ვილაში რეალურად დეპუტატი და მისი ოჯახი ცხოვრობს.
ქართული ოცნების საპარლამენტო სიაშია კიდევ ერთი მილიონერი გიორგი ბარვენაშვილი. მდიდრული წვეულებებისა და ფუფუნების მოყვარული კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც პარლამენტში მხოლოდ ოცნების ლიდერებთან მჭიდრო კავშირების გამო მოხვდა. ბარვენაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში პირველად 2019 წელს მოექცა, როცა გასაჯაროვდა ამბავი კომოს ტბაზე მისი მასპინძლობით გამართული წვეულების შესახებ. მაშინ ბარვენაშვილს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები სტუმრობდნენ. გიორგი ბარვენაშვილის საკუთრებაა ბინები თბილისში, საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. ბარვენაშვილს რვა ძვირადღირებული საათი აქვს, რომელთა ჯამური ღირებულება, დეკლარაციის მიხედვით, 440 000 დოლარია.
“ქართული ოცნების” დეპუტატები ქონებრივ დეკლარაციებს ახლა ავსებენ, ამიტომ შესაძლოა მილიონერი დეპუტატების სია გაცილებით გრძელი იყოს.
წყარო: მთავარი არხი