ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება ვითარებას – “იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად წარიმართება”.
“იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, ვიმედოვნებთ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო აშშ-ის სამხედროებმა 3 იანვარს ვენესუელაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია ცოლიც.
ნიკოლას მადუროსა და მის ცოლს, სილია ფლორესს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში წარედგინათ.
ნიკოლას მადუროს ბრალად ედება ნარკო-ტერორისტული შეთქმულება, კოკაინის იმპორტის შეთქმულება, ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულება.




