„ოცნების“ საგარეო: ვიზალიბერალიზაციის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა

“ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ ევროკომისიას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში უკვე გადაუგზავნა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დოკუმენტი ევროკომისიას დადგენილ ვადაში, გუშინ მიეწოდა.
ანგარიშის შინაარსზე საგარეო საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს.
ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 8 რეკომენდაცია გასულ ივლისში განუსაზღვრა. მათ შორისაა:
· ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა;
· ისეთი კანონმდებლობის თავიდან აცილება და გაუქმება, რომელიც ზღუდავს უფლებებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ პაკეტის;
· სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის სიასთან;
· არალეგალური მიგრაციისა და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების წინააღმდეგ ნაბიჯები;
· აქტივების აღდგენისა და მართვის ოფისების შექმნა;
· ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღება და მაღალი დონის კორუფციის საქმეებზე ეფექტიანი ბრძოლა;
· ანტიკორუფციულო ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება;
· პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დამთხვევა.
ამ ანგარიშის საფუძველზე ევროკომისია შეაფასებს, რა პროგრესი აქვს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში.