“კიდევ ერთი დღე “ტრადიციულ” ევროპულ დემოკრატიაში, სადაც “ოცნების პარტიას” სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მოხდა. საქართველომ ან უნდა გადახედოს დემოკრატიის განსაზღვრებას, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე.”- წერს X-ზე ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა.
“დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში. თქვენი გამბედაობა და მონდომება შთააგონებს ყველას და მოლდოვა თქვენს გვერდით რჩება ამ საერთო გზაზე.”- წერს X-ზე მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ.
“მე აქ ვარ თბილისის ქუჩებში, იმიტომ რომ მე ვარ ევროპარლამენტარი…ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ამ ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა განაცხადა.
“მე აქ ვარ თბილისის ქუჩებში, იმიტომ რომ მე ვარ ევროპარლამენტარი და ევროპარლამენტი ღიად გამოხატავს მხარდაჭერას, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, იყოს ევროპისა და ევროატლანტიკური სამყაროს ნაწილი. ძალიან მკაფიო სიგნალს ვხედავ ქართველი ხალხისგან, რომ მათ უნდათ იყვნენ ევროატლანტიკური გაერთიანების ნაწილი. ისინი დგანან დემოკრატიის მხარეს, არ სურთ რუსეთის ხელში გადასვლა. ეს წითელი ბარათები, არის სიგნალი ე.წ ხელისუფლებისთვის.
სიტუაცია არის დრამატული და რთული ამ ეტაპზე. ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ამ ქვეყანაში. მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს თავის საქმიანობას, დარჩება საქართველოს პრეზიდენტად იმისათვის, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს ერთადერთი პირობაა, რადგან ახალი არჩევნები არის ქართველი ხალხის სურვილი. მე როგორც პოლონელმა, კარგად ვიცი რა არის რუსული ოკუპაცია, გააზრებული მაქვს როგორც საქართველოს ისტორია, ასევე ჩემი ქვეყნის და ამ გადმოსახედიდან კიდე უფრო მტკიცედ ვუჭერ ქართველი ხალხის მისწრაფებას მხარს, რომ იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში,” – განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა.
“რეჟიმმა დააყენა თავისი მარიონეტული პრეზიდენტი” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს.
“დაპირისპირება საქართველოში, რეჟიმმა თავისი ხარვეზიანი არჩევნების შემდეგ დააყენა თავისი მარიონეტული პრეზიდენტი. ზურაბიშვილმა თან წაიღო ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ცარიელი სასახლე დატოვა,” – წერს კარლ ბილდტი.
“სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! არავინ არ უნდა აღიაროს ე.წ ახალი “პრეზიდენტი” და არ უნდა მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით. ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რაც შეიძლება მალე.” – წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი X-ზე და სალომე ზურაბიშვილის სასახლიდან გამოსვლის და ხალხთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აზიარებს.
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართავს და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს.