„ოცნების“ პარლამენტში კომიტეტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა მაუწყებლების შემზღუდავ ცვლილებებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან რეპრესიულ ცვლილებებს.
ამ ეტაპზე ცვლილებები ტელევიზიებისა და რადიოების ეხებათ, რომლითაც მათ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული მაუწყებლების მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
საკომიტეტო განხილვაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები მონაწილეობდნენ.
„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებით, „აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ასევე, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება“.
„ოცნების“კანონპროექტი უცხოურ ძალად განსაზღვრავს:
· უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
· ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
· იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
· ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული“.
როგორც კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მათ შემოსავლებში უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება უმნიშვნელოა, „ოცნების“ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები უსპობთ შესაძლებლობას, დახურვის პირას მისულმა მაუწყებლებმა სამომავლოდ გადარჩენა დონორების დახმარებით შეძლონ.
დღესვე კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებათა პაკეტს, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მანდატს ზრდის და ის საკითხებით, რაც აქამდე მაუწყებელთა თვითრეგულირებაში იყო, კომისიის რეგულირებაშიც გადადის.
„ოცნების“ კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებათა შორისაა:
· ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) იზღუდება პოზიციის გამოხატვა;
· პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად და ზუსტად;
· კანონით განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია; დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.
· განისაზღვრება შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევების, საგანგებო ვითარების გაშუქებისას ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის გადაცემის სტანდარტი და ა.შ.
კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლების განცხადებით, ე.წ. ბრიტანული სტანდარტის საფარქვეშ „ოცნება“ ცდილობს, რომ სისტემის ხელში გადავიდეს პოლიტიკური ცენზურის წარმოება.
მათ მიაჩნიათ, რომ ამ ცვლილებებით სისტემას სამართლებრივი და რეგულატორის მექანიზმები დაემატება, რომელიც შინაარსში ჩარევას კანონიერს გახდის ბრიტანული სიტუაციისგან აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში.
· “ოცნების” ახალი კანონპროექტი, როგორც „საკონტროლო გასროლა“ მაუწყებლების წინააღმდეგ