არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამერიკული FARA-ს და მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონპროექტები დაარეგისტრირეს. კანონპოექტები განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცემა.
ოცნებაში ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი ამერიკული ვერსიიდან “სიტყვასიტყვით” ნათარგმნია.
“არის ამერიკული ფარას სიტყვა-სიტყვით, მძიმე წერტილით თარგმანი. შემდეგ საკანონმდებლო განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისი ტერმინოლოგიის შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან, თუმცა ამით ნებისმიერი ის ყალბი ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით, ამით დასრულებულია. აგერ არის კანონპროექტი, რომელიც სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი და იდენტურია აშშ-ში მოქმედი კანონისა”- თქვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
5 თებერვალს არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ რუსული კანონის ნაცვლად, “ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს” მიიღებენ.
მდინარაძის მტკიცებით, პარლამენტის მიერ შარშან მიღებული რუსული კანონი ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობის “მსუბუქი ვერსია” იყო, მის ნაცვლად კი “ახალ, ამერიკაში მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს” მიიღებენ.
რაც შეეხება მედიის შესახებ კანონპროექტს, მდინარაძის მტკიცებით, ამით “დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტიკური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება მათი მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან”.
