„ოცნების“ პარლამენტმა პროტესტის შემზღუდავი კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეთა პროტესტის გამოხატვის ფორმებს.
პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და ის ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს მოაწერს.
ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს დაემატა ახალი ნაწილი, რომელიც აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას აწესებს შემდეგ შემთხვევებში:
· სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
· ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
· განზრახ დაბრკოლების შექმნა ხალხისა ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
· დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რომელიც პოლიციის მოქმედებას უშლის ხელს;
· ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა, როცა აქციის ჩატარება სხვა ფორმითაც შესაძლებელია.
აღნიშნული ქმედებები გამოიწვევს:
· ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
· ორგანიზატორის შემთხვევაში — 20 დღემდე ვადით;
· ხოლო იარაღის, ფეთქებადი, ცივი ან საშიში ნივთიერებების ქონისას — უალტერნატივოდ 60 დღემდე პატიმრობას.
სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, იგივე ქმედებების განმეორება ერთ წლის განმავლობაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
სასჯელი განისაზღვრა შემდეგნაირად:
· ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
· არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში — ორ წლამდე;
· არასრულწლოვნის მიერ ჩადენისას — ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან ერთ წლამდე პატიმრობა;
· ორგანიზატორის მიერ ჩადენისას, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია — ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ცვლილებები ასევე ეხება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სამართალდამცველის შეურაცხყოფას შეეხება.
ახალი ნორმით, ამ მუხლის მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და:
· დაისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
· არაერთგზის შემთხვევაში — ორ წლამდე;
· არასრულწლოვნის შემთხვევაში — ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან ერთწლამდე პატიმრობით.