დღეს, 19 მარტს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მედიის შემზღუდავი კანონპროექტი მეორე მოსმენით, ხოლო ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
83 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს, რომელიც ტელე და რადიომაუწყებლობის შინაარსის რეგულირებას უკავშირდება.
საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც „ოცნება“ ირწმუნება, რომ მედიაში მაღალ სტანდარტს აწესებს. სინამდვილეში კი, კრიტიკული მაუწყებლების წარმომადგენლების განცხადებით, „ოცნება“ ცდილობს, რომ სისტემის ხელში გადავიდეს პოლიტიკური ცენზურის წარმოება.
ამ ცვლილებებით სისტემას დაემატება სამართლებრივი და რეგულატორის მექანიზმები, რომელიც მედიის მიერ წარმოებული პროდუქციის შინაარსში ჩარევას კანონიერს გახდის.
კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას მას დაემატა შესწორება, რომლითაც შინაარსის რეგულირება მაუწყებელთა ონლაინპლატფორმებზეც გავრცელდება.
„ჩვენ მიერ წარმოდგენილი ბრიტანული მოდელის სტანდარტები გავრცელდება როგორც მაუწყებელზე, მაუწყებლის მიერ ტელევიზიით გადაცემულ ინფორმაციაზე, ასევე მაუწყებლის Facebook-ის გვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე და მაუწყებლის ვებ-გვერდებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე. სხვანაირად ალოგიკური გამოდის, რომ მაუწყებელს ვალდებულება ჰქონდეს, ჯეროვანი ინფორმაცია, ერთი მხრივ, ტელევიზიის საშუალებით გადასცეს, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალურ ქსელში და თავისსავე ვებ-გვერდზე არ ჰქონდეს ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად გადაცემის ვალდებულება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.
დღესვე პირველი მოსმენით მიიღეს სისხლის სამართლის კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ნარკოდანაშაულს უკავშირდება. ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
აღნიშნული ცვლილებებით, ნარკოდანაშაულისთვის სავალდებულო მკურნალობა სისხლის სამართლის სასჯელი იქნება.
როგორც კანონპროექტის განხილვისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სავალდებულო მკურნალობა დაენიშნება პირს მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
„თუ მას ამავე დროს ჩადენილი აქვს დანაშაული, [სავალდებულო მკურნალობა] სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახედ დამატებით დაენიშნება. მაგალითად, 273-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც განმეორებით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში ჩაიდინა და ამავდროულად მოსამართლემ მიიჩნია ექსპერტიზის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომ მას სავალდებულო მკურნალობა უნდა დაენიშნოს, მისი და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დროს ენიშნება.
ამავე დროს, თუ ჩაიდინა სხვა ნარკოტიკული დანაშაული, შეძენა-შენახვა და ა.შ. მოხმარებაზე საერთოდ არ აქვს ბრალი წარდგენილი, არც ადმინისტრაციულადაა დაჯარიმებული, მაგრამ, მაგალითად, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ისაა მომხმარებელი, არის მძიმედ დაავადებული და ა.შ. ამ შემთხვევაშიც მოსამართლეს დისკრეციული უფლებამოსილება ექნება, დამატებითი სასჯელის სახით დაუნიშნოს სავალდებულო მკურნალობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, „ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებით, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
ამავე ცვლილებებით:
· ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
· ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
· 2025 წლის პირველი ივნისიდან, იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
