[“ოცნების” მხარდამჭერი] ბიზნესმენები უფრო მძევლები არიან, ვიდრე “მუსიკის დამკვეთები” – დავით გზირიშვილი

[“ქართული ოცნების” მხარდამჭერი] ბიზნესმენები უფრო მძევლები არიან, ვიდრე “მუსიკის დამკვეთები” – ამის შესახებ პარტია “თავისუფლების მოედნის” წევრმა დავით გზირიშვილმა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.

გზირიშვილმა BMG-ის ეთერში შეაფასა პარტიის ხედვა იმ ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც “ქართული ოცნების” რეჟიმის ე.წ. Enabler-ები, ანუ ერთგვარი საყრდენები არიან.

“საქართველო პატარაა და ამ ადამიანებთან, ვინც [enabler ბიზნესმენების სასანქციო] სიაში არიან, ყველასთან რაღაც არხით ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ როგორც პარტიას, არ გვიფიქრია ამაზე, რომ მათთან რაღაც დიალოგის ფორმატი გაგვეხსნა. შეიძლება ეს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი, რაც არ უნდა გაბრაზებულები ვიყოთ მათზე, უფრო მძევლები არიან ამ სიტუაციაში, ვიდრე მუსიკის დამკვეთები. ბევრი მათგანი დიდი ბიზნესმენი უწესო თამაშის წესებით გახდა, ბიზნესი არა დასავლური სამყაროს წესებით შექმნა და მასზე უფრო მორგებულია. სულ არ ადარდებს, სასამართლო როგორ ფუნქციონირებს და იცის, როგორ შეიძლება სასამართლოს მიღმა გაიტანოს თავი, ამიტომაც, მათთვის ის, რაც ჩვენ გვტკივა, არაფრის მთქმელია.

[დიალოგის გარეშეც] მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ თითოეულის წარმატება ძაფზე კიდია და შეიძლება, უცებ ამოტრიალდეს, როცა ქვეყანა ასე იმართება.

ბუნებრივია პარტიის ხედვა მათ წინააღმდეგაა მიმართული. თუ მათ ეყოფათ გამბედაობა, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ ისეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, რომელიც ჩვენ ჭკუაზე ივლის, გამოვიდნენ და თქვან. მაგრამ, საბოლოო ჯამში, როცა ვამბობთ რომ ევროპა გვინდა, გულისხმობს, რომ წესიერად უნდა იცხოვრონ. უწესობით შექმნილი ფული და დოვლათი ასეთ ქვეყანაში ყველანაირად გექაჩება შინაგანად, რომ მანდ ცხოვრების გეშინია. მათ ესმით, რომ რისკებია, თუ საქართველო გახდება ისეთივე წესიერი ქვეყანა, როგორიც, მაგალითად, დიდი ბრიტანეთია”, – განაცხადა დავით გზირიშვილმა.