მწერალი, დრამატურგი, ალექს ჩიღვინაძე:
მათე დევიძის ფოტოს რომ ვუყურებ, სულ ჩემი შვილი მახსენდება. ერთნაირი თმა აქვთ და მათე რომ ჩამოდებს ხოლმე თავს სასამართლოზე, ზუსტად ისე შვება ესეც, როცა დაიღლება და მოიწყენს.
დღეს მათეს პროცესია. 21 წლის არის. დედამისი ემიგრაციაშია, საქართველოში კი ბებია და და ჰყავს. რომ მხვდებიან, მგონია, საკუთარი ოჯახის წევრებს ვუყურებ. დღეს მათეს, შესაძლოა, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ. Შეიძლება ისევ ვნახოთ მათეს აცრემლებულ და და ბებია. თავად მათესაც ვნახავთ — დაღლილს და სევდიანს. მუყაოს გადახვეული ტრანსპარანტის მოქნევას ედავებიან. ამ ინციდენტს არავინ დაუშავებია მათეს და მისი ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ყოველ პროცესზე ერთ ცხოვრებას ათავებენ. დაშავდა საზოგადოებაც, რომელსაც ამ სასტიკ ჩაგვრას სამართლის აღდგენად ასაღებენ. დღესვე ჭიათურელი ბიჭების პროცესიც იმართება. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე რომ მოგვილოცა ოცნებამ, იმით თუ დაინტერესდა, როგორ იკვებებიან შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი ბავშვები?
“ოცნების” რამდენიმე მხარდამჭერი ხართ ჩემს მეგობრებში. ხომ გყავთ შვილები? დარწმუნებული ვარ, კითხულობთ ამ პოსტს. აბა, მართლა V სამმართველოს დეტექტივები ხომ არ ათვალიერებენ, იმას თუ რას ვწერთ. ჰოდა, უთხარით თქვენს უფროსებს, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ეს ყველაფერი დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მორალური კატასტროფა, რომელიც ყველას გვეხება.