“ოცნების” მინისტრი, რომელიც 2008 წელს დიპლომატი იყო, ომის დაწყებაში იმდროინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს

თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ჯერ უარყო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას წარმოადგენდა, დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ კი თქვა, რომ “დიპლომატი იყო”.
ეს კითხვა ჩიქოვანს მას შემდეგ დაუსვეს, რაც აგვისტოს ომზე საუბრისას “ნაციონალურ მოძრაობას” უწოდა “მოღალატეობრივი და ავანტიურისტული ხელისუფლება”.
“აქ განისვენებენ ადამიანები, ვაჟკაცები და გმირები. სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატეობრივი და ავანტიურისტული ხელისუფლება”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
“თქვენც ხომ წარმოადგენდით იმ ხელისუფლებას?”, – ჰკითხა მას TV პირველის ჟურნალისტმა, რაზეც ჩიქოვანმა ასე უპასუხა:
“არა, გეშლებათ”.
მხოლოდ კითხვის გამეორების შემდეგ აღიარა მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა, რომ 2008 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
“დესპანი ვიყავი, დიახ”, – უთხრა მან ჟურნალისტს, მოგვიანებით კი დააზუსტა – “დიახ, დიპლომატი ვიყავი. ყოველ ჯერზე, ყოველ შემთხვევაში, სადაც მიმუშავია, სადაც მიმოქმედია, მიმოქმედია ჩემი სახელმწიფოს და ჩემი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”.
მას შეახსენეს, რომ აკრიტიკებს იმ ხელისუფლებას, რომელსაც წარმოადგენდა წლების განმავლობაში, მაგრამ ჩიქოვანმა ჟურნალისტის კითხვას “ჭორაობა” უწოდა და კამერებს ზურგი აქცია.
“თქვენ რაღაცა ჭორაობაში გადადიხართ და ამაზე საუბარი არ მინდა”, – თქვა თავდაცვის მინისტრმა და ისე წავიდა, რომ მედიის სხვა კითხვების აღარ უპასუხა.
44 წლის ირაკლი ჩიქოვანი წელიწადზე მეტია, რაც თავდაცვის მინისტრია. ის პოლიტიკაში ირაკლი ალასანიასთან და თავისუფალ დემოკრატებთან ერთად მოვიდა. ჩიქოვანი “ქართული ოცნების” კოალიციას ალასანიასთან ერთად 2011 წელს შეუერთდა, შემდეგ კაბელების საქმეზე მომხდარი დაპირისპირების გამო “ქართული ოცნება” დატოვა 2014 წელს. შემდეგ ჩიქოვანი “ოცნებაში” ისევ უკან დაბრუნდა, თუმცა, უკვე ალასანიას გარეშე.
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ჩიქოვანი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, იყო გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 2004-2005 წლებში იყო უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი.
ამავე თემაზე:
· ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია – აგვისტოს ომზე