ქართული ოცნების მთავრობამ დაადასტურა, რომ რიყის დოქების დემონტაჟს გეგმავს. ამის შესახებ ისაუბრეს როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, ასევე ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს.
“არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, არის ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე და შესაბამისად, საჭიროა კარგი პროექტის განხორციელება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში, შეიძლება, სასტუმროც, თუმცა, გავივლით ამას ურბანულად. […] აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს”, – თქვა კალაძემ.
კობახიძის თქმით, “მახინჯი” რიყის დოქების ადგილას “კონკრეტული პროექტი განხორციელდება, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში დაზუსტდება”.
“მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს და მეორე – ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილას, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების მაგივრად. ეს დაზუსტდება მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც იქნება შერწყმული ძველი თბილისი გარემოსთან”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
ფორმულამ ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რიყის დოქების დემონტაჟს და ადგილზე სასტუმროს აშენებას გეგმავს გუშინ, 20 მაისს გაავრცელა.
5 მაისს ცნობილი გახდა, რომ რიყის დოქები გაიყიდა. უძრავი ქონების მყიდველია შპს “რიყე დომ”.
