გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ცქიტიშვილი, – რომელიც სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ ფორმატში წარმოადგენს პარტიას, – განმარტებას ავრცელებს პარტიის დაპირებასთან დაკავშირებით, არ მიეღო მონაწილეობა „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში.
მას შემდეგ, რაც 14 აპრილს გიორგი გახარია პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე მივიდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ის გააკრიტიკეს იმის გამო, რომ დაარღვია სალომე ზურაბიშვილთან „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში არსებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, პარტიები არ მონაწილეობენ კომისიის სხდომებში, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
„კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა — ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა“, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.
„მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არ მისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით“, – წერს ცქიტიშვილი ფეისბუკზე.
თუმცა 15 აპრილს გავრცელებულ განმარტებაში ცქიტიშვილი შენიშნავს, რომ „ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება“: „განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება“, – წერს ის.
მისი თქმით, ეს საკითხები „სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს“.
„ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწინებინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი და ვწუხვარ, თუ ამით კოორდინაციის ფორმატი დავაზიანე“, – ამბობს ცქიტიშვილი.
„მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიაში სხდომში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი“, – აცხადებს იგი.
„ქართული ოცნების“ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერსა და პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, ყოფილმა თანაგუნდელებმა 14 აპრილს ექვსი საათის განმავლობაში ყველა იმ საკითხზე დაუსვეს კითხვები, რომლებზეც გადადგომამდე, 2021 წლის 18 თებერვლამდე, მხარდაჭერას უცხადებდნენ.
თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მიმდინარე საგამოძიებო კომისიის ხანგრძლივ და ხმაურიან სხდომაზე განიხილეს გახარიას პოსტიდან გადადგომამდე განვითარებული მოვლენები: 2019 წლის 20 ივნისის „გავრილოვის ღამე“, იქამდე – რუსი კომუნისტი დეპუტატის საქართველოში შემოშვება, ბიძინა ივანიშვილის „უხილავი“ ჩარევა და სხვა საკითხები.
