„ოცნების“ კანონპროექტში გადმოტანილია ტერმინები: აშშ-ის პრეზიდენტი, კონგრესი, ხაზინის მდივანი და სხვა

„ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), რომელიც „სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს“.
მაგალითად, როგორც “ქართული ოცნების” პარლამენტის დღევანდელი ბიუროს სხდომიდან გახდა ცნობილი, კანონპროექტში სიტყვა-სიტყვით არის გადმოტანილი ისეთ ტერმინები, რომლებიც საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს. მაგალითად: “-ის პრეზიდენტი”, “კონგრესი”, “კონგრესის ბიბლიოთეკა” და სხვა. ამავე ბიუროს სხდომა ითქვა, რომ კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანს წარმოადგენს.
„წარმოდგენილი ინიციატივა გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანი. შესაბამისად, ერთგვარ სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში აუცილებლად დასაკონკრეტებელი იქნება. კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა. საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოებს, მაგალითად კონგრესი, კონგრესის ბიბლიოთეკა, სახელმწიფო დეპარტამენტი, იუსტიციის დეპარტამენტი, ხაზინის მდივანი, ფოსტის გენერალურ მდივანი, შტატების პრეზიდენტი და ა.შ. ეს უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებაც საჭიროა. პაკეტს მხოლოდ სისხლის სამართლის კანონპროექტი ახლავს და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტები წარმოდგენილი არ არის“, — განაცხადა ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ტაბატაძემ.
მან ასევე თქვა, რომ კანონპროექტით “გათვალისწინებულ ურთიერთობებს უკვე აწესრიგებს” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“.
„თუ ინიციატივების მიზანი აღნიშნული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც უნდა იყოს კანონპროექტი დართული“, — დასძინა ტაბატაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ ინიციატორებისთვის ცნობილია ამ ხარვეზების შესახებ და ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
„მერე არ ყოფილიყო თარგმანში დაკარგვის მცდელობები… ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, შტატებზე მითითებაც კი გავაკეთეთ და დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც ვთარგმნეთ, რომ ინსინუაციები არ ყოფილიყო“, — განაცხადა გორდულაძემ და დასძინა, რომ პირველი მოსმენის ფარგლებში მოვა კანონპროექტი შესაბამისობაში ქართულ სინამდვილესთან.
„ქართულმა ოცნებამ“ 2023 წელს მიიღო რუსული კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება. ახლა „ოცნება“ ამბობს, რომ ამერიკული FARA-ს ანალოგს მიიღებს და ასევე აინიციირებს კანონპროექტს მედიის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება აიკრძალება – იკრძალება უცხოური ძალის მიერ მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების და გადაცემის დაფინანსება ან თანადაფინანსება