ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მედია პარტიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე.
მათივე განცხადებით, შეხვედრები გაიმართება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან – ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.
ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.