“ოცნების” დელეგაცია, კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთში გაემგზავრა | ისინი შეხვედრებს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებთან გამართავენ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” პარტიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარტიის განცხადებით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
შეხვედრები გაიმართება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან. ასევე, “ქართული ოცნება” შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს.
“ოცნების” დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.