„ოცნების“ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებიც აკრიტიკებენ

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებიც აკრიტიკებენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს 16 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
ამასთანავე, ისინი გმობენ 29 ნოემბერს, საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები სთხოვენ სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„ჩვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, ვიზიარებთ საჯარო მოხელეთა მიერ გავრცელებულ განცხადებათა სულისკვეთებას და ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობის გააზრებითა და რწმენით, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების ერთგულებით, მივიჩნევთ, რომ: ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს კონსტიტუციურ რანგში აყვანილ, ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის ერთ-ერთ ფუნდამენტს – ევროინტეგრაციის პროცესს. აღნიშნული გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლით დადგენილ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის თანახმად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, ვგმობთ 2024 წლის 29 ნოემბერს, საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მიზანმიმართული დევნის, უსაფუძვლო დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ქმედებებს და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. მოვუწოდებთ საჯარო ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს, უერთგულონ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს, შეცვალონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება და მიიღონ სათანადო ზომები, რათა შეაჩერონ საქართველოს ევროპული საზოგადოებისგან იზოლაცია და მისი თანმდევი უარყოფითი შედეგები. იმავდროულად, ვთხოვთ, სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან:
· ბარამაშვილი თამარ – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
· გორგილაძე გოდერძი – სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
· დოლუაშვილი ნინო – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
· კენჭაძე მარინა – კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
· კიკნაძე თამარი – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
· ლაშხია გვანცა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
· მაჭარაშვილი ლელა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
· მესხია თამარ – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
· მძევაშვილი მარი – სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
· ობოლაშვილი თორნიკე – კოლეგიის თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
· პირველაშვილი ნიკა – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
· სულხანიშვილი გიორგი – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
· ქსოვრელი ირაკლი – სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი.
· ღოლიჯაშვილი დავით – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
· ჭიოკაძე ლევანი – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
· ხავთასი ივა – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ერთობლივი განცხადებებით გააკრიტიკეს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, განათლების და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლებმაც.
28 ნოემბერს, მ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ძალადობდნენ მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. მათ არაერთხელ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც, სავარაუდოდ, გაურკვეველი ნივთიერებები იყო გარეული. გამთენიისას, როცა მოქალაქეთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, სპეცრაზმელები მიმდებარე ქუჩებში, ეზოებში, სადარბაზოებში, აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევდნენ მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28-29 ნოემბრის ღამეს, ჯამში, დააკავეს 43 ადამიანი. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გარდა ამის,ა უწყების ცნობით დაშავდა 32 სამართალდამცველი, რომლიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ ფაქტებზე გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით დაზიანებას გულისხმობს.
რაც შეეხება ჟურნალისტებს, მედიაჩეკერის ინფორმაციით, აქციაზე 40-მდე ჟურნალისტიდაშავდა. მათ შორის, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაგეგმილია დღესაც, 29 ნოემბერს.