„ოცნების“ ბათუმის მერობის სავარაუდო კანდიდატი 2 დღის წინ სამშენებლო კომპანიებში ფლობდა წილებს – მედია

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბათუმში, სავარაუდოდ, თორნიკე ფაღავა იქნება.
თორნიკე ფაღავა „ოცნების“ საპარლამენტო სიის 103-ე ნომერი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
თორნიკე ფაღავა ორ სამშენებლო კომპანიაში 31% და 26%-იან წილებს ფლობდა მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე.
ინფორმაცია თორნიკე ფაღავას ს მერობის შესაძლო კანდიდატობაზე დღეს, 7 აგვისტოს გავრცელდა.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღეს თორნიკე ფაღავამ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა, თუმცა „ბათუმელებს“ ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა, რომ „ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად სწორედ თორნიკე ფაღავას განიხილავს.
· ვინ არის თორნიკე ფაღავა
32 წლის თორნიკე ფაღავა პროფესიით იურისტია, საჯარო მმართველობის მაგისტრი. იგი ჯერ კიდევ ორი დღის წინ, 2025 წლის 5 აგვისტომდე ფლობდა წილებს ორ სამშენებლო კომპანიაში.
თორნიკე ფაღავამ მიმდინარე წლის 25 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა. ეს დროში ემთხვევა აჭარაში ადგილობრივი მთავრობის ცვლილებას.
თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 4 აპრილს დატოვა.
2025 წლის 5 აგვისტომდე თორნიკე ფაღავა ორ კომპანიაში ფლობდა წილს – შპს „ტემპო აა“-სა და შპს „ტემპო ჰოლდინგში“.
შპს „ტემპო აა“-ში თორნიკე ფაღავას ყველაზე მეტი, 31 %-იანი წილი ჰქონდა, კომპანიაში მისი თანამეწილეები იყვნენ ვლადიმერ გასიტაშვილი – 14 %, გიორგი დავითაძე – 26 %, ბექა გასიტაშვილი – 11 %, გელა არობელიძე – 7 % და შოთა არობელიძე 11 %.
რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 5 აგვისტოს კომპანიის მეწილეთა წილის ოდენობა შეიცვალა, კომპანიიდან კი გაქრა თორნიკე ფაღავას სახელი და გვარი.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თორნიკე ფაღავამ თავისი 31 %-იანი წილი 5 ათას ლარად მიჰყიდა ვლადიმერ გასიტაშვილს, გიორგი დავითაძესა და ბექა გასიტაშვილს.
5 აგვისტოს მონაცემებით შპს „ტემპო აა“-ს მეწილეთა ვინაობა ასე გამოიყურება – ვლადიმერ გასიტაშვილი – 24 %, გიორგი დავითაძე – 37 %, ბექა გასიტაშვილი – 21 %, გელა არობელიძე – 7 % და შოთა არობელიძე 11 %.
5 აგვისტოს შეიცვალა მეორე კომპანიის, შპს „ტემპო ჰოლდინგის“ მეწილეთა ვინაობაც. თორნიკე ფაღავას ამ კომპანიაში 26 %-იანი წილი ჰქონდა, 2025 წლის 5 აგვისტოს გაკეთებული ამონაწერის მიხედვით კი მისი სახელი და გვარი კომპანიის მეწილეთა სიიდან გაქრა.
თორნიკე ფაღავამ კომპანიის 26 %-იანი წილი 50 ათასს დოლარად გაასხვისა.
„ტემპო ჰოლდინგი“ სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ბათუმში ცათამბჯენებს აშენებს.
თორნიკე ფაღავა „ქართული ოცნების“ 2024 წლის საპარლამენტო სიაში 103-ე ნომრად იყო წარდგენილი. 2024 წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, ბათუმში საპარლამენტო სიის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა თორნიკე ფაღავას შესახებ და შემდეგნაირად დაახასიათა ის: „თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში“.
მას შემდეგ რაც აჭარაში მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი შეიცვალა, თორნიკე ფაღავა ჩნდება თითქმის ყველა სამთავრობო ღონისძიებაზე.
მაგალითად, სხვადასხვა დროს ის დაესწრო სულხან თამაზაშვილის დამტკიცებას არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე აჭარის არალეგიტიმურ უმაღლეს საბჭოში, გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს და ქვიშის ფეხბურთის მატჩს ბათუმის ბულვარში.
თორნიკე ფაღავა ესწრება თითქმის ყველა საჯარო ღონისძიებას, რომელშიც ბათუმის ამჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე მონაწილეობს.
batumelebi.netgazeti.ge