ოცნებისთვის მზია ამაღლობელის ჯილდო “უსამართლოა”, ამასაც დიფ სთეითს უკავშირებს

ქართული ოცნება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისთვის, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელისთვის 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას “უსამართლოდ” მიიჩნევს და ამასაც დიფ სთეითს უკავშირებს.
ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე სპიკერი გიორგი გრძელიშვილი ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელს ჯილდოს გადაცემით “დავალების პირნათლად შესრულება დაუფასეს”.
“მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება.
გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით სილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცავს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, დაცინვას თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ.
მეორე მხრივ – მსჯავრდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ემსახურება კონკრეტულ მიზანს.
ამ შემთხვევაში, მსჯავრდებული მზია ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ვხედავთ, რომ დაუფასეს დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი, არც ნაკლები – გმირად გამოგვიცხადეს.
სწორედ ეს არის დიფ სთეითის ხელწერა – პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი, გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ, კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი – მოძალადედ”, – თქვა მან.
***
„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირად დასახელდა.
ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა (IPI) და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS) მიერ გაიცემა და ამაღლობელი ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად იქნა შერჩეული — -დან, პალესტინიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან.
IPI-ის განცხადებით, დაჯილდოებულები გამოირჩევიან გამბედაობითა და გამძლეობით თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში.
მზია ამაღლობელმა, რომელმაც სიტყვა რუსთავის ქალთა კოლონიიდან გააგზავნა, აღნიშნა, რომ ეს ჯილდო „აღიარებს საქართველოში მრავალი ჟურნალისტის ბრძოლას, რომლებიც უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, გაბედულად იცავენ სიმართლეს“.
დაჯილდოების ცერემონია 24 ოქტომბერს, ვენაში, IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე გაიმართება.