ოცნებების კვალდაკვალ: უმშვენიერესი მსახიობის, სალომე კოკუაშვილის გზა თბილისიდან ჰოლივუდამდე – Marao
სალომე კოკუაშვილს ტელემაყურებელი კარგად იცნობს. პირველად ის სერიალში “გოგონა გარეუბნიდან” გამოჩნდა, ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთ ახალ სერიალში – “მარჯვენა სანაპირო” ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. მისთვის მსახიობობა ერთადერთი სამუშაო სფერო არაა: დეველოპერულ კომპანიაში გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებითაც მუშაობდა და აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გასართობ შოუებში.
სალომე იხსენებს, რომ პირველ კლასში სწავლისას მის მშობლებს შესთავაზეს, პატარა სალომე პირდაპირ მესამე კლასში გადაეყვანათ, შესაბამისად, სკოლა ადრე, 16 წლისამ დაამთავრა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა, საკუთარი ფულის გამომუშავების სურვილი კი 13 წლის ასაკში გაუჩნდა.
“ჩემი პირველი სამსახური სარეკლამო ფლაერების ქუჩაში დარიგება იყო. თავდაპირველად, მშობლები ამის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან პატარა ვიყავი, ჩემი შრომის ანაზღაურება მიზერული იყო, მაგრამ დამთანხმდნენ, რათა დამოუკიდებლობა მესწავლა”, – იხსენებდა სალომე.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა. იმ დროისთვის მშვენიერი მსახიობი უკვე არაერთ პოპულარულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, “კომედი შოუსა” და “ვა-ბანკშიც”.
სალომე ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე, თუმცა ოჯახი მის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა:
“3 წლიდან მსახიობობა მსურდა. სამსახურების გამო “გადარბენები” რომ მიწევდა, გამოცდებისთვის ვერ მოვემზადე. თან, არც ვიცოდი, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში განსაკუთრებული მომზადება მჭირდებოდა. მეგონა, მივიდოდი, ჩემს ნიჭს დაინახავდნენ და ამიყვანდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. რაკი თეატრალურის გამოცდებში ბარიერი ვერ გადავლახე, შემდეგ მარკეტინგის და მენეჯმენტის მიმართულებით ჩავაბარე, რაც დედაჩემს ძალიან უნდოდა, რადგან მიაჩნდა, რომ შეიძლებოდა ჩემთვის ყველაზე შემოსავლიანი საქმე ყოფილიყო”, – იხსენებდა სალომე.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, სალომემ საკუთარი ოცნების ახდენა მაინც შეძლო17 წლის ასაკში უკვე 3 ცნობილ სატელევიზიო პროექტში იღებდა მონაწილეობას.
როგორც ახალგაზრდა მსახიობი აღნიშნავს, კითხვებს პირად ცხოვრებაზე ხშირად იღებს:
“გამუდმებით მეკითხებიან, თუ რატომ არ ვთხოვდები? ამ საკითხს ზოგი უფრო მკაცრადაც განიხილავს, – აქამდე ასე როგორ დარჩი, ასეთი კარგი გოგოო?! ამასთან დაკავშირებით ბევრს ვიცინი, სოციალურ ქსელში “მიმებს” ვაქვეყნებ ხოლმე… ნამდვილად მარტო ვარ. თავს კარგად, ბედნიერად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ურთიერთობების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქალი ვალდებულია, დაოჯახებული იყოს, დედა გახდეს. ეს ზოგის ცხოვრებაში ხდება, ზოგისაში – არა, ყველაფერი რიგზეა.”
სალომეს მთავარი ჰობი მოგზაურობაა – ამბობდა, რომ ეს მისთვის განსაკუთრებულ შეგრძნებებსა და ემოციებთანაა დაკავშირებული.
“ყოველი მოგზაურობის მერე თითქოს ვიზრდები, სიმძიმისგან ვთავისუფლდები, თავისუფლების შეგრძნება მეუფლება… ალბათ ერთადერთია, რაშიც ფული არ მენანება. შეიძლება ფეხსაცმელი ან ჩანთა არ ვიყიდო, თუ გრანდიოზული ფასდაკლება არ არის და ის ფული მოგზაურობისთვის გადავდო. ვცდილობ, წელიწადში ორჯერ მაინც გავიდე ქვეყნიდან”, – ამბობდა ის.
“ლოს-ანჯელესში ჩემი გული ცოტა უფრო ხმამაღლა ცემს”, – წერდა მსახიობი საკუთარ გვერდზე, როცა ფოტოებს ჰოლივუდის ცნობილი ხედიდან აქვეყნებდა. როგორც სალომემ საკუთარ გვერდზე არაერთხელ დაწერა, ჰოლივუდში მოხვედრა მისი ოცნებაა და ამ ოცნებამ ის ლოს-ანჯელესამდეც მიიყვანა. ცოტა ხნის წინ მან ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ აქ გაატარა, საოცნებო ადგილებიდან ულამაზესი კადრები გამოაქვეყნა და საკუთარ თავს ამ დიდი სურვილის ახდენას დაჰპირდა.