„ოცნება“ ცილისწამების კანონს 100-დღიან უკუძალას აძლევს

„ქართული ოცნება“ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს 100-დღიან უკუძალას აძლევს.
როგორ დღეს, 25 ივნისს, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გაირკვა, კანონში შესული ცვლილებები რეგულაციის ამოქმედებამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება.
„როდესაც ხდება სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელება ან იმ მომენტიდან, როცა კონკრეტულ პირს შეიძლება გაეგო ეს ყველაფერი, 100 დღის ვადაში აქვს უფლება მიმართოს სარჩელით სასამართლოს ანუ ხანდაზმულობის ვადას 100 დღე წარმოადგენს. შესაბამისად, გარდამავალი დებულებით იქნება გათვალისწინებული, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდგომ, იმ განცხადებებთან მიმართებით, რომელიც კანონის ამოქმედებამდე იყო გაკეთებული, თუმცა ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული, იმოქმედებს ახალი წესრიგი ამ საკითხების რეგულაციის…
მაგალითად, პირობითად, კანონი ამოქმედდა პირველ აგვისტოს და პირველ აგვისტომდე ხომ გვაქვს განცხადების გაკეთებიდან ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადა, 1 ივლისს გაკეთებულ განცხადებას თუ ჩათვლის ადრესატი ცილისწამების შემცველს ანუ სახელის გამტეხი ინფორმაციის შემცველს, თუკი სარჩელი აქამდე არ იქნა წარდგენილი სასამართლოში, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სარჩელი უკვე შევა ახალი რეგულაციით. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იქნება ინფორმაციის გამავრცელებელზე და არა იმაზე ვისკენაც იყო მიმართული ეს განცხადება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.
მისი კომენტარიდან გამომდინარეობს, რომ პირს ექნება უფლება მეორე პირს მოედავოს იმ განცხადებაზე, რომელიც კანონის ამოქმედებამდე (100 დღით ადრე) აქვს გაკეთებული.
მათიკაშვილმა აღნიშნული ცვლილებების წარდგენისას მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს. მისი თქმით, თეა წულუკიანმა თავისი წვლილი შეიტანა ამ თემის გადაწყვეტაში.
თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
„ქართული ოცნება“ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ოცნებას“ დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონს მიმდინარე კვირაში მიიღებენ.
უქმდება კანონის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება მომჩივანს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
კანონპროექტის მიღების შედეგად ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდება მოპასუხეზე. მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, დაზუსტდება ცილისწამების განმარტება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
· „ოცნება“ მორიგი კანონით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს